რუსეთმა კონტაქტი დაამყარა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან. მისი ვიზავი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი იქნება. ამის შესახებ „იზვესტიას“ რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში აცნობეს.

„ჩვენ დავამყარეთ კონტაქტი გიორგი ზურაბაშვილთან. განსაზღვრულია მისი რუსი ვიზავიც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას“, — განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ლავროვის უწყებაში დასძინეს, რომ მომლაპარაკებლები ყურადღებას გაამახვილებენ სავაჭრო ბრუნვისა და ტურიზმის ზრდაზე, სატრანსპორტო კავშირების გაფართოებასა და კულტურულ გაცვლებზე.

“ახალი ფორმატი ფაქტობრივად რუსეთ-საქართველოს იმ დიალოგის აღდგენაზე მიანიშნებს, რომელიც 2012 წელს დაიწყო და თითქმის ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა”, — დაამატეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.

გიორგი ზურაბაშვილი პარალელურად შეინარჩუნებს პოსტს საგარეო საქმეთა უწყებაში, თუმცა, კობახიძის თქმით, რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს წარმოადგენს როგორც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი.

ეს თბილისის მხრიდან რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგის და მანდატის ზრდას ნიშნავდა.

ამავე თემაზე გირჩევთ:

ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში

რა დგას რუსეთთან ურთიერთობების ახალი ფორმატის მიღმა?