ახალი ამბები

ჯანდაცვის კანონში სადავო ცვლილებებს დაჩქარებულად აღარ განიხილავენ

12 ივნისი, 2023 • 1004
ჯანდაცვის კანონში სადავო ცვლილებებს დაჩქარებულად აღარ განიხილავენ

პარლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს.

ამის შესახებ დღეს, 12 ივნისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

კანონპროექტით ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება.  მთავრობა მისი დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა.

საკანონმდებლო ცვლილებებს სფეროს წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები რეპრესიულად აფასებენ.  საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის განცხადებით კი, სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში რადიკალური ცვლილებების განხორციელება ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის გარეშე შესაძლოა საფრთხეებს შეიცავდეს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, არის საკითხები, რომლბეიც უფრო სიღრმისეულ გააანალიზებას მოითხოვს.

„ჩვენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდა, ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელობასთანაც გქვონდა დისკუსია, რომ საკითხს უფრო სიღრმისეული გააანალიზება და დისკუსია სჭირდება. ეს შეიძლება ხელის შემშლელი იყოს ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ჯანდაცვის სამინისტრომ შეიტანა და  მისი დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა მიეცემა, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შევიდეს მის კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებებში, შეამოწმოს და თუ საჭიროდ მიიჩნევს, დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღოს.

კანონპროექტის თანახმად, ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას დაექვემდებარება და მას გასაჩივრება არ გააჩერებს, თუ სასამართლომ სხვაგვარად არ დაადგინა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანაში მოქმედ ყველა, კერძო და სახელმწიფო კლინიკაზე გავრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი