საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის განცხადებით, სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში რადიკალური ცვლილებების განხორციელება ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის გარეშე შესაძლოა საფრთხეებს შეიცავდეს.
ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ დაგეგმილმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებების ზრდას გულისხმობს და ორიენტირებულია ადმინისტრირების გამარტივებისა და ხარვეზების აღმოფხვრისკენ, შესაძლოა პრაქტიკაში არაერთი პრობლემა წარმოშვას.
„მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებების შეუსაბამო ზრდით, სასამართლოს როლი სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას სუსტდება და გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა მკვეთრად იზრდება. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება სამედიცინო სექტორთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე არ შეესაბამება რეგულატორული პოლიტიკის გატარების იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ორიენტირებულია ხარვეზების კოოპერაციის გზით აღმოფხვრაზე.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, ანალოგიური ცვლილებების განხორციელების ინიცირებისას, ღია დისკუსიებმა საკანონმდებლო ორგანოსა და საჯარო სივრცეში ნათლად წარმოაჩინა კანონპროექტით გათვალისწინებული რიგი მიდგომების რისკები და არაეფექტურობა, რის საფუძველზეც შესაბამისი კანონპროექტი არ დამტკიცებულა.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული რისკები და საფრთხეები დღესაც აქტუალურია და მიგვაჩნია, რომ ამ რისკების სისტემატიზებული და დასაბუთებული წარმოჩენის საუკეთესო გზა იქნებოდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება. თუმცა, სამწუხაროდ, ამგვარი ანალიზი არც ამჯერად ახლავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს“, – აცხადებენ საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია თხოვნით მიმართავს კანონპროექტის ავტორებს და საკანონმდებლო ორგანოს, გადაიხედოს საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების შესახებ გადაწყვეტილება და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების გზით თავიდან იქნას არიდებული იმგვარი რეგულაციის მიღება, რომელიც შექმნის ამ სფეროში არსებულ კომპანიებზე მარეგულირებელი წნეხის საფრთხეს.
ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება. შესაბამისი კანონპროექტი უწყებამ პარლამენტში უკვე შეიტანა და მისი დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა მიეცემა, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შევიდეს მის კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებებში, შეამოწმოს და თუ საჭიროდ მიიჩნევს, დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღოს.
კანონპროექტის თანახმად, ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას დაექვემდებარება და მას გასაჩივრება არ გააჩერებს, თუ სასამართლომ სხვაგვარად არ დაადგინა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანაში მოქმედ ყველა, კერძო და სახელმწიფო კლინიკაზე გავრცელდება.