ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება

9 ივნისი, 2023 • 1249
ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება

ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება. შესაბამისი კანონპროექტი უწყებამ პარლამენტში უკვე შეიტანა და  მისი დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა მიეცემა, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შევიდეს მის კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებებში, შეამოწმოს და თუ საჭიროდ მიიჩნევს, დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღოს.

კანონპროექტის თანახმად, ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას დაექვემდებარება და მას გასაჩივრება არ გააჩერებს, თუ სასამართლომ სხვაგვარად არ დაადგინა.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან, დაიცვან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, წესები და ნორმები, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ არის უზრუნველყოფილი მათი მხრიდან.

შესაბამისად, განმარტებით ბარათში ჯანდაცვის სამინსიტრო აღნიშნავს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება განპირობებულია ამ სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკით დაგროვილი ხარვეზებისა და გამოწვევების საპასუხოდ.

კერძოდ, ცვლილებების თანხმად, ჯანდაცვის სამინსტროს მიეცემა: „სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის ან/და დალუქვის ან/და ამოღების და ა.შ. უფლებამოსილებები“.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული კომპეტენციების გაწერა მოხდება ჯანდაცვის მინისტრის ნორმატიული ბრძანების შესაბამისად.

გარდა ამისა, ცვლილებების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების საშუალებაც ექნება.

კერძოდ, თუ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე დადგინდება, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს სამედიცინო საქმიანობა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე.

განმარტებითი ბარათის თანახმად, საქმიანობის შეჩერების და აღდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

განმარტებით ბარათში სამინისტრო აღნიშნავს,  რომ მიზანშეწონილია, პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსი ეკა ბოჭორიშვილი ამბობს, ცვლილებების მიზანია, რეგულირების სააგენტომ უფრო დროული საქმიანობა და მუშაობა შეძლოს.

მისი თქმით, დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, როდესაც პაციენტი რეგულირების სააგენტოს საჩივრით მიმართავს, დაუყოვნებლივ რეაგირების საშუალება არ აქვთ, რადგან სასამართლოს შუამდგომლობაა საჭირო, ცვლილებების შემდეგ კი მათი გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ აღსრულებას დაექვემდებარება.

„დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო დაუყოვნებლივ რეაგირებას ვერ ახდენს. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა მიმართოს, სასამართლომ 72 საათის განმავლობაში რეგულირების სააგენტოში შუამდგომლობა უნდა წარმოადგინოს და ასევე მხარესაც მიაწოდოს. ეს, გარკვეულწილად, რეგულირების სააგენტოს დროულ, ოპერატიულ საქმიანობას აფერხებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტის საჩივართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ვერ ვრეაგირებთ.

მეორეა, როცა მხარე ამ შემთხვევის შესახებ შუამდგომლობის მისვლისთანავე იგებს, რეგულირების სააგენტოს კომისიას რეალური ფაქტები აღარ ხვდება, იქ დოკუმენტაციების მოწესრიგება, ექიმების განმარტებების აღება ხდება… და ჩვენთვის ეფექტური არ არის“, – განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.

მისივე თქმით, დღევანდელი კანონმდებლობის გამო არაეფექტურია იმ საჯარიმო სანქციების აღსრულებაც, რომელიც რეგულირების სააგენტო დაწესებულებებს აკისრებდა.

„როდესაც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაწესებულებები ძალიან დიდ თანხებს იღებენ,  გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლი ხდება. სამწუხაროდ, ძალიან დიდი ჯარიმებია. გამომდინარე მუშაობის მოცულობიდან, დოკუმენტაციის წარმოებიდან, შესაძლოა, საჯარიმო სანქციის ამოღება 2-3-4-5 წელს გახანგრძლივდეს. მხარე ჯარიმას ჯერ რეგულირების სააგენტოში ასაჩივრებს და შემდეგ უკვე განხილვა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში ხდება. ეს დროში ხანგრძლივდება, შეიძლება, 4-5 წელი გახანგრძლივდეს და ეს არაეფექტურია. ამიტომ, ამ საჯარიმო სანქციების დაუყოვნებლივ აღსრულება უნდა მოხდეს. შემდეგ, თუ სასამართლო გაამართლებს ან ნაწილობრივ მაინც გაამართლებს, ანგარიშსწორება შესაბამისად მოხდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც ეკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, გაიზრდება საჯარიმო სანქციებიც და, მაგალითად, თუ დღეს ტექნიკური რეგლამენტის პირობებს შეუსრულებლობა 200-დან 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ცვლილებების შემდეგ ეს ჯარიმა 5000 ლარამდე გაიზრდება.

„რეპრესიული კანონია“

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტთა ნაწილის აზრით, საკანონდმდებლო ცვლილებები რეპრესიულია.

„უნდათ, რომ დაჩქარებული წესით მიიღონ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ორგანოებს შეუძლია ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად შევიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში და ჩაატაროს შესაბამისი შემოწმება[…] ვბრუნდებით საბჭოთა კავშირში, როცა ჩეკას შეეძლო, ნებისმიერ დროს ყველაფერი გაეკეთებინა და ამის შესახებ სასამართლოსთვის არ შეეტყობინებინა“, — განაცხადა პარტია „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის თქმით, რომელიც ასევე არის კერძო კლინიკის დამფუძნებელი. ცვლილებების მიმართ კითხვებს აჩენს ისიც, რომ მის განხილვას სამინისტრო დაჩქარებულად ითხოვს.

„ეს არის რეპრესიული ხასიათის გადაწყვეტილება, ამ დროს უფლება ერთმევა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობას, ასევე პაციენტებს. ეს არის მათი უფლებების დარღვევა. ძალიან ბევრი კითხვნის ნიშანი არსებობს – რას ნიშნავს დაჩქარებული ვადები და რატომ. ეს თემა ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა განიხილოს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ „ტვ პირველთან“.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი