ახალი ამბები

ყველა კლინიკაზე გავრცელდება, კერძო იქნება თუ სახელმწიფო – გაბუნია ცვლილებებზე

10 ივნისი, 2023 • 8438
ყველა კლინიკაზე გავრცელდება, კერძო იქნება თუ სახელმწიფო – გაბუნია ცვლილებებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანაში მოქმედ ყველა, კერძო და სახელმწიფო კლინიკაზე გავრცელდება.

საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც სფეროს წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები რეპრესიულად აფასებენ. კანონში შესატანი ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა მიეცემა, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შევიდეს მის კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებებში, შეამოწმოს და თუ საჭიროდ მიიჩნევს, დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღოს.

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას.

„რეგულირების სააგენტოს მთავარი ფუნქცია პაციენტის უსაფრთხოება და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვაა.დღეს,როდესაც რეგულირების სააგენტოში პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის საჩივარი შემოდის, სააგენტოს უწევს მიმართოს სასამართლოს . ჩვენი მიმართვის დაკმაყოფილება 72 საათის განმავლობაში ხდება. ამ დრომდე , არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვეღოს სასამართლოსგან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კლინიკა გასაჩივრებისთვის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ამ დროის განმავლობაში, კი იქმნება გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დოკუმენტაციის ან სხვა ტიპის მტკიცებულებების გარკვეულწილად შეცვლას.

ეს რეგულირების სააგენტოსთვის არის მნიშვნელოვანი საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დაინახოს ობიექტური სურათი, თუ რა მოხდა კონკრეტულად პაციენტთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ , რეგულირების სააგენტოს სჭირდება ოპერატიული რეაგირების ბერკეტი და ეს ცვლილებები, რაც პარლამენტში განსახილველადაა წარდგენილი, სწორედ ამას ითვალისწინებს“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რეგულირების სააგენტოს მანდატი ყველა იმ კლინიკაზე გავრცელდება, რომელსაც სააგენტომ საქმიანობის ნებართვა მიანიჭა.

„რეგულირების სააგენტოს მანდატი ვრცელდება ყველა კლინიკაზე, რომელსაც მან მიანიჭა ნებართვა საქმიანობის ან მიანიჭა ლიცენზია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის. ეს იქნება ყველა კლინიკა, კერძო თუ სახელმწიფო, რომელიც დღეს ქვეყანაში ოპერირებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წყაროდან იღებენ ისინი დაფინანსებას. ჩვენ გვაქვს ერთიანი მარეგულირებელი სივრცე, რომელიც თანაბრად ეხება ყველას , შესაბამისად ცვლილებებიც შეეხება ყველას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, დღეს მოქმედი ჯარიმები მინიმალური ოდენობისაა და პრევენციული ძალა არ აქვს. მისი თქმით, ზოგჯერ, კლინიკას ჯარიმის გადახდა ურჩევნია, იმის ნაცვლად, რომ ინვესტიციები ინფრასტრუქტურის, ან ინფექციის კონტროლის პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მიმართოს.

„დღევანდელი კანონმდებლობა ლიცენზიისა და ნებართვის გაუქმებას ითვალისწინებს, მაგრამ არ არის შეჩერების მექანიზმი. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჯარიმა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა აგრძელებს საქმიანობას, თუმცა რისკის შემცველი გარემოებები კლინიკის ოპერირების პროცესში, რა თქმა უნდა, ისევ რჩება. დღეს, რეგულირების სააგენტოს არ აქვს ქმედითი ბერკეტი, შეაჩეროს ლიცენზიის და ნებართვის მოქმედება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, კანონში ცლილებების შეტანის შემდეგ ჯარიმები თითქმის, გაორმაგებული ოდენობისაა. მისივე თქმით, ახალი კანონპროექტით, ასევე, დგინდება ჯარიმების ზედა ზღვარი და არ რჩება ღია სივრცე, რომ შემფასებელს ან გადაწყვეტილების მიმღებს, გარკვეული ვარირების საშუალება ჰქონდეს.

„ უფრო კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უნდა ამოქმედდეს ამ კანონპროექტით, ეს არის ლიცენზიის და ნებართვის მოქმედების შეჩერება, დროებითი შეჩერება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება. შესაბამისი კანონპროექტი უწყებამ პარლამენტში უკვე შეიტანა და  მისი დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა მიეცემა, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შევიდეს მის კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებებში, შეამოწმოს და თუ საჭიროდ მიიჩნევს, დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღოს.

კანონპროექტის თანახმად, ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას დაექვემდებარება და მას გასაჩივრება არ გააჩერებს, თუ სასამართლომ სხვაგვარად არ დაადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი