ახალი ამბებიეკონომიკა

სესხის ვადა შევამცირო თუ ყოველთვიური შენატანი? | საბანკო რჩევა

9 ივნისი, 2023 • 10195
სესხის ვადა შევამცირო თუ ყოველთვიური შენატანი? | საბანკო რჩევა

თუკი საბანკო სესხის ნაწილის წინსწრებით დაფარვას გადაწყვეტთ, არჩევანის წინაშე დადგებით: ამ თანხით სესხის ვადა შეამციროთ თუ ყოველთვიურად დასაფარი თანხა. 

მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში წინსწრებით შეტანილი თანხით სესხის ძირი იფარება, ამ ორ შეთავაზებას შორის განსხვავება მაინც არსებობს. კითხვაზე, რომელი ვარიანტის არჩევა ჯობია, მოკლე პასუხი ასეთია: თუ ამჟამად არ გიდგათ მოქმედი ყოველთვიური შენატანის თანხის სტაბილურად გადახდის პრობლემა, უმჯობესია სესხის ვადა შეამციროთ, თუმცა არჩევანი მაინც ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ამიტომ, გირჩევთ, სტატია ბოლომდე წაიკითხოთ.

იმის გასარკვევად, თუ რომელ მეთოდს რა უპირატესობა აქვს, რათა გადაწყვეტილება თქვენი საჭიროების მიხედვით მიიღოთ, ნეტგაზეთი საბანკო სფეროს ანალიტიკოს დავით კლდიაშვილს ესაუბრა.

სანამ ამ საკითხის განხილვას დავიწყებთ, ავხსნათ, რა არის წინსწრებით სესხის დაფარვა. წინსწრებით სესხის ნაწილის გადახდა ნიშნავს, რომ არ ველოდებით ბანკთან ერთად შედგენილი 10-წლიანი თუ 15-წლიანი გრაფიკის დასრულებას და წინასწარ ვცდილობთ ჩვენი კრედიტის ძირი თანხის შემცირებას, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ საბოლოო ჯამში სესხის მოცულობა მნიშვნელოვნად შევამციროთ და ფული დავზოგოთ.

ზოგადად აღნიშნულ საკითხს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება არეგულირებს. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, თუ წინსწრებით იფარება კრედიტის ძირი თანხის მინიმუმ 20%, რომელიც არანაკლებ 500 ლარის ოდენობისაა, ბანკი ვალდებულია, მინიმუმ ორი ალტერნატივა შემოგთავაზოთ, უფრო ნაკლები თანხის შეტანის შემთხვევაში კი შეუძლია ეს საკუთარი ნების ფარგლებში გააკეთოს.

ზემოხსენებული ორიდან ერთი მეთოდი სესხის ვადის შემცირებას გულისხმობს, მეორე კი, ყოველთვიური შენატანის.

სანამ თითოეული მათგანის განხილვაზე გადავალთ, უნდა ითქვას, რომ რაც უფრო გრძელვადიანია სესხი, პროცენტის სახით ბანკის სასარგებლოდ მომხმარებელს საბოლოო ჯამში მეტი თანხის გადახდა მოუწევს. დავით კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ აქ საუბარია სესხის საერთო მოცულობაზე და არა პროცენტის განაკვეთზე.

მაგალითისთვის, თუ ადამიანს აქვს 10-წლიანი და 5-წლიანი სესხი ერთსა და იმავე საპროცენტო განაკვეთში, პროცენტის სახით დასაფარი თანხა 10-წლიანი გრაფიკის შემთხვევაში მეტი იქნება, ვიდრე 5-წლიანის.

შესაბამისად, როდესაც წინსწრებით ვფარავთ სესხის გარკვეულ ნაწილს, თუ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყოველთვიური შენატანების სახით იმავე თანხის გადახდა გავაგრძელოთ სტაბილურად, რასაც მანამდეც ვიხდიდით და გვსურს სესხის საერთო მოცულობის შემცირება, ასეთ დროს ვადის შემცირება უფრო ხელსაყრელი გამოსავალია.

ამ შემთხვევაში თქვენი ყოველთვიური შენატანი უცვლელი დარჩება და თუ 10-წლიანი სესხი გაქვთ, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად 500 ლარს იხდით,  მომდევნო თვეში კვლავ 500 ლარის გადახდა მოგიწევთ, თუმცა წინსწრებით გადაფარული თანხის მოცულობის მიხედვით, შეგიმცირდებათ სესხის ვადა, პირობითად- 8 წლამდე. შესაბამისად, სესხის გადახდას გრაფიკის მიხედვით თუ გააგრძელებთ, 8 წელში დაასრულებთ.

კლდიაშვილის თქმით, სესხის ვადის შემცირება უფრო მომგებიანია იმ შემთხვევაში, როცა კრედიტის წინსწრებით გადაფარვას სესხის ადრეულ სტადიაზე იწყებთ. როგორც წესი, პირველი წლების განმავლობაში ყოველთვიური შენატანების უმეტესი წილი ბანკის პროცენტის გადახდას ხმარდება, ნაკლები კი- ძირის.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მისი დაკვირვებით, ადამიანების უმეტესობა წინსწრებით სესხის გადაფარვისას ყოველთვიური შენატანის შემცირებას ამჯობინებს.

მაგალითით რომ ავხსნათ, ყოველთვიური შენატანის შემცირებისას, თუ მომხმარებელი 10-წლიანი სესხის განმავლობაში ყოველთვიურად პირობითად 500 ლარს იხდის, წინსწრებით თანხის შეტანის შემდეგ სესხის ვადა კვლავ 10 წელი დარჩება, თანხის მოცულობიდან გამომდინარე კი დაიკლებს ყოველთვიური შენატანის ოდენობა და პირობითად, ყოველთვიურ გადასახადი 400 ლარამდე შეგიმცირდებათ.

კლდიაშვილის თქმით, ეს მეთოდი სარგებლის მომტანია იმ შემთხვევაში, როცა ,მაგალითად, ადამიანს ხელფასი შეუმცირდა ან სხვა მიზეზით ვეღარ ახერხებს ყოველთვიურად იმავე ოდენობის თანხის გადახდას.

ასევე მნიშვნელოვანია, წინსწრებით სესხის გადაფარვა რა ეტაპზე ხდება. ანალიტიკოსის თქმით, თუ ადამიანს 10-წლიანი სესხი ჰქონდა და მხოლოდ 1 წელი აქვს დარჩენილი სესხის სრულ დაფარვამდე, ამ დროს შესაძლოა ამ ორ ვარიანტს შორის დიდი განსხვავება აღარც იყოს.

რომ შევაჯამოთ, იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი მეთოდი სესხის გადასაფარად, საკუთარი პრიორიტეტები უნდა განსაზღვროთ. თუკი თქვენთვის ყოველთვიური შენატანის არსებული ოდენობის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს და სესხის გადაფარვას ადრეულ ეტაპზევე იწყებთ, სჯობს, ვადა შეამციროთ. იმ შემთხვევაში კი, თუკი ყოველთვიური წნეხის შემსუბუქება თქვენთვის უფრო პრიორიტეტულია, ყოველთვიური შენატანის შემცირებით გადაფარავთ სესხის ნაწილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი