ახალი ამბები

2 ივნისს დაკავებულების პროცესები გადაიდო

6 ივნისი, 2023 • 906
2 ივნისს დაკავებულების პროცესები გადაიდო

2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების სასამართლო სხდომები გადაიდო.

დღეს, 6 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 დაკავებულის პროცესი უნდა გამართულიყო. მათგან ნიკა რომანაძის პროცესი 27 ივნისს, 15:00 საათზე დაინიშნა, საბა ბრაჭველის- 16 ივნისს, 16:00 საათზე, გრიგოლ ფრანგიშვილის პროცესი 22 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება, ნოდარ სიხარულიძის პროცესი 23 ივნისს, 16:00 საათზე დაინიშნა, ედუარდ მარიკაშვილის პროცესი კი- 28 ივნისისთვის.

შსს მათ ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავება.

2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

პოლიცია პარლამენტის კიბეზე მყოფ მოქალაქეებს ხელს უშლიდა მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარებაში და ხელიდან გლეჯდა სხვადასხვა შინაარსის პლაკატებს, მათ შორის — ცარიელ ფურცლებს.

დაკავებულთა შორის იყვნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტები – ნიკა რომანაძე და ლაშა ჯანჯღავა და სხვები.

კადრების მიხედვით, დაკავებულთაგან ერთ-ერთს — ედუარდ მარიკაშვილს — ხელში ცარიელი ფურცელი ეკავა.

შსს-მ “ნეტგაზეთს” 7 ადამიანის ადმინისტრაციულად დაკავება დაუდასტურა. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

3 ივნისს პარლამენტთან გაიმართა აქცია სიტყვის თავისუფლების დასაცავად, სადაც მოქალაქეებმა კვლავ მიიტანეს სხვადასხვა შინაარსის მრავალი პლაკატი.

2 ივნისს მომხდარი ინციდენტები არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.

პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.

სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა. 3 ივნისს, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობა იმაზე დიდი იყო, ვიდრე გასულ დღეებში, ბექა გრიგორიადისმა კარვის გაშლა მოახერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი