საზოგადოება

პოლიცია პლაკატების გამო ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს და კიდევ 3 მათგანი დააკავა

3 ივნისი, 2023 • 1618
პოლიცია პლაკატების გამო ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს და კიდევ 3 მათგანი დააკავა

თბილისში, პარლამენტის კიბესა და მიმდებარე ტროტუარზე, პოლიცია ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების დაკავებას განაგრძობს. მიზეზი ისევ საპროტესტო პლაკატებია, რომლებსაც ძალოვნები დემონსტრანტებს ხელიდან გლეჯენ.

2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ასეთი ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში.

პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”.

აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.

ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.

ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ ამ პროცესში ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს.

“წაგვაქციეს კიბეებზე და მერე იძულებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს [დაკავებულები]. სამმა ადამიანმა დაზიანება მიიღო. სასწრაფო გამოიძახეს და გადაიყვანეს. ორმა, როგორც ვიცი, ფეხზე მიიღო ტრავმები და მესამემ — არ ვიცი”, — აღნიშნავს ის.

მისი მონაყოლის მიხედვით, პოლიცია ადამიანებს ნებისმიერი შინაარსის პლაკატს ართმევს. თავად მშვენიერაძეს წაართვეს პლაკატი, წარწერით “ვირაკლი”.

“როგორც კი ადამიანი რაიმე ფურცელს დაიჭერს ხელში, თუნდაც სუფთას, ისე, როგორც გვინახავს ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლის პოლიციის ქცევა, სამწუხაროდ, ასე იქცევიან ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

ადამიანებს აკავებენ, მათ შორის, ცარიელი ფურცლების გამო. ზოგიერთს წარწერებიც აქვს ფურცლებზე, ზოგს არ აქვს. პლაკატებს გვართმევენ და ხევენ, თან აქტივისტებს აკავებენ”, — აღნიშნავს მშვენიერაძე.

“ქალია, რას აკეთებთ?! გავიჭყლიტეთ, რას აკეთებთ?!” — ისმის ფეისბუკ-ლაივში, რომელიც აქტივისტ ნიკა რომანაძეს ჰქონდა ჩართული. მოგვიანებით ის დააკავეს.

აქციის მონაწილეთა ცნობით, დაკავებულები არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები — ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.

ედუარდ მარიკაშვილი “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”(GDI) თავმჯდომარეა. აქციაზე მყოფი უფლებადამცველის, ბაია პატარაიას ცნობით, მარიკაშვილი ცარიელი ფურცლის ხელში დაჭერის გამო დააკავეს.

მანამდე მომხდარი ინციდენტების დროს დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, მოძრაობა “ჯიუტის” ლიდერი ლაშა ჯანჯღავა და აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ლევან ნიშნიანიძე.

შსს-ში ამ დრომდე მხოლოდ 3 ადამიანის დაკავებას ადასტურებენ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ ისინი ადმინისტრაციულად დააკავეს და ერთი უკვე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.

დაკავებების შემდეგ, პარლამენტთან აქცია გაგრძელდა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები იმ წარწერებით, რომელთა გამოც მანამდე სხვა დემონსტრანტები დააკავეს. ზოგიერთს ცარიელი ფურცელიც ეკავა.

2 ივნისს მომხდარი ინციდენტები პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.

პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა.

გარეკანის ფოტო: ფოტოასლები მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი