საზოგადოება

კარავს არ დავტოვებ მანამ, სანამ შვილს არ მოექცევიან კანონის შესაბამისად – ლაზარეს მამა

4 ივნისი, 2023 • 1186
კარავს არ დავტოვებ მანამ, სანამ შვილს არ მოექცევიან კანონის შესაბამისად – ლაზარეს მამა

ლაზარეს მამამ, ბექა გრიგორიადისმა ღამე პარლამენტის უკან, სკვერში მოწყობილ კარავში გაატარა. ის გეგმავს, რომ შვილის თავისუფლებამდე კარავი არ დატოვოს.

ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მის სიახლოვეს 30-40 პოლიციელი იდგა. პოლიციელთა მანქანები ასევე ეყენა ახლომდებარე პერიმეტრზეც.

„მივედი, ვუთხარი, რომ ვწუხვარ, რომ ვაწვალებ და ჩემ გამო რომ გიწევთ ღამის გათენება-მეთქი. მიპასუხეს, რომ არა, რას ამბობთ, ეს ჩვენი სამუშაოაო..,“ – დასძენს ბექა გრიგორიადისი.

ჩვენს კითხვაზე, რა სამომავლო გეგმები აქვს, გრიგორიადისი ამბობს, რომ კარავს მანამდე არ დატოვებს, სანამ შვილისთვის სამართლიანობის აღდგენას არ მიაღწევს.

„იქამდე, სანამ ლაზარეს არ მოექცევიან ისე, როგორც კანონი მოითხოვს ჩვენს ქვეყანაში და არა ისე, როგორც, დაგეგმილია ბავშვის გამწარება,“

დღეს 21:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობები და აქტივისტები კვლავ გეგმავენ პარლამენტის წინ აქციას. გრიგორიადისი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ როგორც წინა დღეებში, სავარაუდოდ, დღესაც აქცია შემდგომ მის კარავთან გადაინაცვლებს.


ბექა გრიგორიადისი რამდენიმე ღამის განმავლობაში ცდილობდა პარლამენტის უკან კარვის გაშლას. მას ამის საშუალებას პოლიციელები არ აძლევდნენ. რამდენიმე დღის წინ ის კარვის გაშლის მცდელობისას ის დააკავეს.

აქტივისტების მცდელობის შემდეგ კარავი მან გუშინ 3 მაისს გვიან ღამით მაინც გაშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი