საზოგადოება

ბექა გრიგორიადისს სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

2 ივნისი, 2023 •
ბექა გრიგორიადისს სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ის გუშინ, 1 ივნისს, პარლამენტთან უკანა შესასვლელის მიმდებარედ დააკავეს იმ დროს, როცა კარვის გაშლას ცდილობდა.

ჯარიმის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია დაუდასტურა როგორც სასამართლომ, ასევე თავად გრიგორიადისმა. ბექა გრიგორიადისის თქმით, პროტესტს გააგრძელებს.

გრიგორიადისი უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს პარლამენტის წინ პროტესტის ნიშნად კარავი გაშალოს. თუმცა ამის საშუალებას მას პოლიციელები არ აძლევენ.

1 ივნისს პოლიციელებმა იგი კარვის დადგმის მცდელობის გამო დააკავეს. კადრებში ჩანს, რომ დაკავებამდე მას პოლიციელი მივარდა, ჯერ კიდევ გაუხსნელი კარავი წაართვა და გაიქცა. ამავე დღეს პოლიციელებმა პარლამენტთან მშვიდობიან მომიტინგეებს პლაკატები წაართვეს და დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გრიგორიადისი ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბექა გრიგორიადისი მიიჩნევს, რომ მისი შვილი პოლიციაზე თავდახმის ბრალდებით უკანონოდ დააკავეს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

პოლიციამ პარლამენტთან აქტივისტებს პლაკატები წაართვა და დაუხია — ვიდეო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი