ახალი ამბები

„როგორ არ მაინტერესებს, ხომ წარმოგიდგენიათ?“ — ღარიბაშვილი „ირაყლის“ წარწერებზე

6 ივნისი, 2023 •
„როგორ არ მაინტერესებს, ხომ წარმოგიდგენიათ?“ — ღარიბაშვილი „ირაყლის“ წარწერებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ 2 ივნისის აქცია, სადაც მოქალაქეები დააკავეს ცარიელ ფურცლებსა და პლაკატებზე „ირაყლის“ დაწერისთვის, „პროვოკაცია“ იყო.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2 ივნისს დაკავებულებზე მონიტორინგი განხორციელდება და ისინი ამბობენ, რომ ამ დაკავებულების საქმეს შეისწავლიან.

აღნიშნულ აქციაზე შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდა თქვენი მისამართით. ზოგადად რა შეგიძლიათ გვითხრათ 2 ივნისის აქციაზე და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე?“ — ჰკითხა ჟურნალისტმა ღარიბაშვილს, რაზეც ამ უკანასკნელმა მიუგო:

„ჩვენს უსუსურ, მარგინალიზებულ ოპოზიციას, მთელი თავისი სატელიტებით, NGO-ებით, თავისი ამ დეგრადირებული, ამორალური ხალხით, არაფერი დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე. ისინი პროვოცირებენ.“

კითხვას — „გწყინთ ეს ყველაფერი?“ — პრემიერ-მინისტრი პასუხობს:

„როგორ არ მაინტერესებს, ხომ წარმოგიდგენიათ? ეს არის ჩვეულებრივი, მარტივი პროვოკაციები, რომელზეც სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი. ვინც ჩვენი პოლიციის შეურაცხყოფას და პროვოცირებას შეეცდება, ყველა იქნება დასჯილი.“

ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს პოლიციის შეურაცხყოფაში. თუმცა არსებობს ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ აფრთხილებს პოლიციის მაღალჩინოსანი აქტივისტებს შსს-სადმი „შეურაცხმყოფელ“ ბანერებზე. ამ დროს დაკავებები უკვე დაწყებული იყო.

იმ დემონსტრანტთა ნაწილს, რომლებსაც პლაკატები წაართვეს ან დააკავეს, ხელში ეჭირათ ფურცლები, წარწერით “ირაყლი”, თუმცა ზოგიერთ მათგანს ცარიელი ფურცლები ეკავა ხელში, წარწერის გარეშე.

2 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩომ თქვა, რომ ყურადღებით აკვირდება “იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს”.

“მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.

განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს”, — დასძენს საელჩო.

დაკავებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც მსგავსი პასუხი გასცეს.

რა მოხდა

2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

პოლიცია პარლამენტის კიბეზე მყოფ მოქალაქეებს ხელს უშლიდა მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარებაში და ხელიდან გლეჯდა სხვადასხვა შინაარსის პლაკატებს, მათ შორის — ცარიელ ფურცლებს.

დაკავებულთა შორის იყვნენ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, “ღია საზოგადოების ფონდის” თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტები – ნიკა რომანაძე და ლაშა ჯანჯღავა და სხვები.

კადრების მიხედვით, დაკავებულთაგან ერთ-ერთს — ედუარდ მარიკაშვილს — ხელში ცარიელი ფურცელი ეკავა.

შსს-მ “ნეტგაზეთს” 7 ადამიანის ადმინისტრაციულად დაკავება დაუდასტურა. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მეორე დღეს, 3 ივნისს პარლამენტთან გაიმართა აქცია სიტყვის თავისუფლების დასაცავად, სადაც მოქალაქეებმა კვლავ მიიტანეს სხვადასხვა შინაარსის მრავალი პლაკატი.

2 ივნისს მომხდარი ინციდენტები არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.

პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.

სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა. 3 ივნისს, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობა იმაზე დიდი იყო, ვიდრე გასულ დღეებში, ბექა გრიგორიადისმა კარვის გაშლა მოახერხა.

ამავე თემაზე:

საგამოძიებო სამსახურს პოსტერების გამო აქტივისტების დაკავებაზე გამოძიება არ დაუწყია

მასალების გადაბეჭდვის წესი