სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საპროტესტო პოსტერების გამო აქტივისტების დაკავებაზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.
„ნეტგაზეთს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით უწყებისთვის არავის მიუმართავს, შესაბამისად, არ დაწყებულა გამოძიებაც.
როგორც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ იურისტი გიორგი მშვენიერაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საკუთარი მანდატის ფარგლებში გამოძიების დაწყება მისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიმართვის გარეშეც შეუძლია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს ამის მოლოდინი არ აქვთ.
მშვენიერაძის განცხადებით, 2 ივნისს დაკავებულებთან დაკავშირებით უწყებას არასამთავრობო ორგანიზაციები უახლოეს მომავალში მიმართავენ.
2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში.
პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან. სწორედ ცარიელი ფურცლის გამო დააკავეს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი. დაკავებულთა შორის ასევე იყვნენ ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე, ლაშა ჯანჯღავა და სხვები.
ჯამში, 2 ივნისს პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა, დაკავებულები დუშეთისა და კახეთის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს და იქ მოუხდათ დაკავების მაქსიმალური ვადის, 48 საათის გატარება.