ახალი ამბები

„ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულს, ვინ იყო შუშანიკის დედა“ — პრეზიდენტი

27 მაისი, 2023 • 1694
„ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულს, ვინ იყო შუშანიკის დედა“ — პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 27 მაისს, დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება კვლავ გააკრიტიკა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი თემა, რასაც პრეზიდენტის კრიტიკა ეხებოდა, უცხო ქვეყნებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ადამიანებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გზაზე არსებული სირთულეებია.

„3 წელია იუსტიციის სამინისტროსგან ვითხოვთ, გავამარტივოთ მოქალაქეობის ტესტები. ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა. ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ ქართველები? ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, რომ ოოო, ქართველია, თურმე.

ჩვენ ახლა უნდა მივცეთ მათ ხელი, რომ მოდით, იყავით ქართველი. იყავით გერმანელი, ამერიკელი, რუსი, რაც გინდათ, მაგრამ ასევე იყავით ქართველი იმიტომ, რომ რა ბმაც გაქვთ, ეს არის სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირფასი და აუცილებელი. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა, ეს არის მათი პირველი მოთხოვნა“, — თქვა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოქალაქეობის მისაღები კრიტერიუმები გასამარტივებელია და საკმარისია წარმოშობით ქართველი ადამიანის სურვილი, დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობას. მისივე აზრით, სახელმწიფო არ უნდა ინტერესდებოდეს, ეს ადამიანი რამდენად ხშირად ჩამოდის საქართველოში და რა პირდაპირი კავშირები აქვს.

„აქ მაქვს 15 მაისიდან დღემდე მოქალაქეობის მსურველთა სია რუსეთიდან. ჩემი წარმომადგენელი არ აძლევს ხმას, თუ არსებობს კითხვები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგალითად, სამხედრო ან უსაფრთხოების სფეროში თუ აქვს რამე თანამდებობა. სხვა დანარჩენზე ამბობს „კი“ და არ მაინტერესებს, სად ცხოვრობენ, თუნდაც რუსეთში, ან ამერიკაში და ვერ თუ, არ ჩამოდიოდნენ.

ქვეყანას არ აქვს უფლება, ეს ადამიანები დაკარგოს. დიასპორის დახმარება არ არის, რომ ცეკვა-თამაშებისთვის ფულს ვუგზავნით. დახმარებაა, რომ ისინი ჩავთვალოთ ჩვენიანებად. მაგალითად, თუ ადამიანი ამტკიცებს, რომ წარმოშობით არის ებრაელი, ავტომატურად აძლევენ მოქალაქეობას“, — თქვა პრეზიდენტმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირმა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ჯერ უნდა ჩააბაროს გამოცდები როგორც ქართული ენის ცოდნაში, ისე — ისტორიაში, ამის შემდეგ კი უწყებათაშორის კომისიასთან გაიაროს გასაუბრება.

კომისია საქართველოს მოქალაქეობის მსურველს, რომელმაც გამოცდებზე მინიმალური ქულები დააგროვა, უსვამს კითხვებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივაციასთან, საქართველოში კავშირებთან და სხვა გარემოებებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ კომისიის წევრები ხმათა უმრავლესობით წყვეტენ, აღნიშნულ პირზე გასცემენ თუ არა რეკომენდაციას მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით.

საბოლოოდ, დადებითი რეკომენდაციის პირებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს პრეზიდენტი აწერს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი