საზოგადოება

არ შეიძლება თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და შემდეგ პრეზიდენტს — ზურაბიშვილი

27 მაისი, 2023 • 1613
არ შეიძლება თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და შემდეგ პრეზიდენტს — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს, 27 მაისს, მწვავედ გააკრიტიკა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს მომხდარის გამო.

„არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერ-მინისტრს მიესალმოს და შემდეგ უმაღლეს მთავარსარდალს. არ შეიძლება არც ერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას. პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ურთიერთობების დალაგება ისე, რომ არ მოხდეს არაფერი, რაც არ უნდა აზრთა სხვადასხვაობა იყოს.

ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და ეს წყნარად, მშვიდად უნდა იყოს დამკვიდრებული. 3 წელია ვცდილობ, შეგვექმნა პროტოკოლის საერთო უწყება და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, მაგრამ არ იქნა, რადგან ყველას აქვს თავისი პატარა, კერძო ამბიციები“, — თქვა პრეზიდენტმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, მას პრეტენზია აქვს ინსტიტუციების უპატივცემულობასთან დაკავშირებით და არა პერსონალური მიზეზის გამო.

დიასპორის ფორუმს ესწრება პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელსაც, მათ შორის, მიემართებოდა პრეზიდენტის კრიტიკა.

პრეზიდენტის თქმით, სწორედ გამართული პროტოკოლია იმის გარანტი, რომ პატარა ქვეყნები ღირსეულად იყვნენ წარმოჩენილი საგარეო ურთიერთობებში.

„პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და არ არის იმისთვის მოგონილი ვიღაცის თავმოყვარეობასა და ამბიციებს მოერგოს“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზეიდენტის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა, რომელმაც თქვა, რომ 26 მაისი არის დღე,  „რომელიც ყველას გვაერთიანებს“. მან მადლობა გადაუხადა მთავრობის პროტოკოლის უფროსს კვალიფიციური მუშაობისთვის.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის მიმართვის მთავარი ხაზი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის კრიტიკა იყო, რასაც დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების ზოგი სტუმრის მხრიდან შეძახილები მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი