ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ იქცნენ უკრაინაში მებრძოლი ოსები ცხინვალის პრობლემად

25 მაისი, 2023 • 13970
რატომ იქცნენ უკრაინაში მებრძოლი ოსები ცხინვალის პრობლემად

სტატიაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც აფხაზები და ოსები იყენებენ.  აქ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზიციებს.


უკრაინაში რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ოსი მონაწილეები, სამხრეთ ოსეთში მოახლოებულ არჩევნებზე, შესაძლოა, მთავარი გადამწყვეტი ძალა აღმოჩნდნენ იმ კანდიდატებისთვის, ვისაც ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურს.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან რუსული მედია სულ უფრო ხშირად საუბრობს შემთხვევებზე, რომლებიც უკავშირდება “სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან” პოსტრავმული აშლილობით დაბრუნებულებულ ჯარისკაცებს. 

უკრაინის ომიდან დაბრუნებულ მონაწილეთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ორი გახმაურებული ინციდენტის შემდეგ განგაშის ზარები სამხრეთ ოსეთშიც შემოჰკრეს.   

19 იანვარს ცხინვალის ერთ-ერთ კაფეში სამხედრო ოპერაციიდან დაბრუნებულმა პირმა უმიზეზოდ პისტოლეტიდან სროლა დაიწყო. როგორც მოგვიანებით “გაირკვა”, ამ ფორმით მან მეზობელ მაგიდასთან მსხდომი საპარლამენტო დეპუტატების მიმართ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა. 

შემდეგი შემთხვევა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა და ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთება გამოწვია, 2023 წლის 14 აპრილს მოხდა. უკრაინის ბახმუტიდან დაბრუნებულმა გიორგი სიუკაევმა ცხინვალში ყველასთვის კარგად ნაცნობი სოსლან ვალიევი, ზედმეტსახელით “ცუგრი” ქალაქის ცენტრში, მთავრობის სახლის მთავარი შესასვლელიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით სასიკვდილოდ დაჭრა.

დანაშაული საღამოს, დაახლოებით რვა საათზე მოხდა. კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ სიუკაევი მიზანმიმართულად აედევნა მას, ჯერ ავტომობილით, შემდეგ კი ფეხით. საბოლოოდ, ვალიევი დახურულ სივრცეში, ხეებს უკან გაიტყუა და ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.

“ცუგრი” ორმოციოდე წლის, ფსიქიკური პრობლემის მქონე კაცი იყო და ადგილობრივ კოლორიტად მიიჩნეოდა. მოქალაქეები ვერ იხსენებენ ერთ შემთხვევასაც კი, როდესაც მან ვინმეს ავნო – “ეს იგივეა, ბავშვი მოეკლათ”, – ამბობდნენ ცხინვალელები. 

მომხდარმა ადგილობრივი საზოგადოება დააფიქრა იმაზე, თუ როგორი ცხოვრება ელის “სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან” დაბრუნებულ ასობით ბიჭს. 

მებრძოლთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა სამხრეთ ოსეთში აქტუალური 2008 წლის ომის შემდეგ გახდა. სისხლიან გარჩევებში გადაზრდილმა ჩხუბებმა, სუიციდმა, ალკჰოლიზმმა და ნარკოდამოკიდებულებამ 30 წლის კაცებში, ადგილობრივთა დაკვირვებით, არნახულ მაჩვენებელს მიაღწია.

ადგილობრივი ექიმები წლებია კონფლიქტის წლების გავლენებზე, საზოგადოების პოსტტრავმულ აშლილობებზე და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრების საჭიროებაზე საუბრობენ. თუმცა, საუბარი საუბრად დარჩა.

როგორ აისახება ამჯერად უკრაინის მოვლენები სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაზე? 

ამ დრომდე ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სარეაბილიტაციო ცენტრების ნაცვლად, ომიდან დაბრუნებულ ბიჭებს, რუსულ ტრანშებზე კონტროლის მოსახვეჭად და შესაბამისდ, გავლენის ჯგუფებს შორის შიდა კონფლიქტებისას, პოლიტიკური მიზნებით გამოიყენებენ. 

ეს მებრძოლები სხვადასხვა კლანის ლიდერების მიერ უკვე განიხილებიან პოლიტიკურ რესურსად – მათი სიმპატიების მოსაპოვებლად პოლიტიკოსები ერთმანეთს უპირისპირდებიან. 

თითოეული პოლიტიკოსი, ვისაც არჩევნებში საკუთარი გეგმა ან ინტერესი აქვს [2024 წელს – საპარლამენტო და 2027 წელს საპრეზიდენტო] უკვე დაფიქსირდნენ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ზონაში სამხრეთ ოსეთიდან წასული მებრძოლების მხარდასაჭერად, რაც, როგორც წესი, საჩუქრების გადაცემითა და “მეგობრულ გარემოში” საუბრით შემოიფარგლება.

ეს ვიზიტები, ერთი მხრივ, “სამხედრო ოპერაციის” მხარდაჭერაა – ის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც მოსკოვი საკუთარი სატელიტის მართვის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსს აფასებს, და მეორე მხრივ – მეოთხე სამხედრო ბაზის საკონტრაქტო თანამშრომლებზე ზრუნვაა, მათი ოჯახების მადლიერების მოსაპოვებლად. 

სამხრეთ ოსეთის არმიის შემცირებისა დ ახალგაზრდა სამხედროთა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით გადაყვანის პერიოდში, ჯარისკაცების მშობლებს ხელისუფლება ეფიცებოდა და პირდებოდა, რომ ისინი მხოლოდ სამხრეთ ოსეთში იმსახურებენ. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მოატყუეს. ახლა ეს ჯარისკაცები სამხრეთ ოსეთში “სიტუაციის მძევლები” არიან. ამასთან, 1991-2008 წლების ომ გამოვლილ მებრძოლებთან შედარებით მათ მიმართ საზოგადოებში დამოკიდებულება არაერთგვაროვანია – გმირებად, და მითუმეტეს მცველებად მათ ბევრი არ მიიჩნევს.

სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სისტემა თავიდანვე ვითარდებდა, როგორც ველური დასავლეთის დემოკრატია – როგორც კომპრომისი შეირაღებულ კაცებს შორის. დაწესებული წესებიდან გადახვევას ვერავინ ბედავდა. მეომარი ვეტერანების მონაწილეობის გარეშე არცერთ საარჩევნო კამპანიას არ ჩაუვლია. 2001 წელს პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი არ აღიარებდა ედუარდ კოკოითისთან დამარცხებას, რომ არა კოკოითის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული მებრძოლები.

თუ ჩიბიროვის გვერდით ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურები იდგნენ,  კოკოითს მხარს უჭერდნენ ბოევიკები მთავარი ე.წ. დამრტყმელი ჯგუფებიდან.

კოკოითის მცდელობამ, 2011 წელს გაეუქმებინა არჩევნების შედეგები, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, მასობრივი აქციები გამოიწვია. ამჯერად, ვეტერანები კონფლიქტის ორივე მხარეს აღმოჩნდნენ, რამაც საბოლოოდ შეაკავა მოწინააღმდეგები რადიკალური  მოქმედებებისგან. მაშინ არჩევნები ფრედ დასრულდა – მოსკოვის ჩარევით თამაშში სხვა კანდიდატი, ლეონიდ თიბილოვი შემოვიდა. ჯიოევას გამარჯვება გაბათილდა, კოკოითი კი ამის შემდეგ აღარ დაუშვიათ არჩევნებში მონაწილეობამდე.  

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ლეონიდ თიბილოვის კონტროლქვეშ მყოფი ОМОН [განსაკუთრებული დანიშნულების მობილური დანაყოფი]  ისევ გადაიქცა ბიბილოვის მომხრეებზე ზეწოლის ინსტრუმენტად – მათ აკავებდნენ, უკრძალავდნენ მასობრივ აქციებს და ა.შ. 

როდესაც კოკოითის მხარდაჭერის ჯგუფიდან მებრძოლები ომონის ყაზარმასთან მივიდნენ და ძალოვნებს ორაზროვნად კითხეს: “თქვენ ხალხს უჭრთ მხარს თუ მათ ებრძვით?” მას შემდეგ ომონს აღარავისთვის დაუჭერია ღიად მხარი.

ამგვარად, ძალთა ბალანსმა შედარებითი გამჭვირვალობა და საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობა უზრუნველყო, რისი წყალობითაც სამხრეთ ოსეთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა რეგულარულად იცვლებოდა. ცხადი გახდა, რომ მებრძოლთა მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებაზე პრეტენზიის ქონა უბრალოდ შეუძლებელია აქ.

თუმცა, დროის შემდეგ ამ საზოგოდოებრივ-პოლიტიკური მოწყობის მოდელი ობიექტური გარემოებებით იცვლებოდა.

საქმე იმაშია, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ვეტერანთა დიდი ნაწილი უკვე გარდაიცვალა ან დაბერდა. ამ სოციალურმა ფენამ საკუთარი თავი ამოწურა და ფაქტობრივად, გაქრა. თუმცა, ახლა პოლიტიკოსთა ყურადღების ცენტრში უკრაინის მიწებზე მებრძოლი თაობა აღმოჩნდა. 

ფრონტის ხაზზე მყოფთან მეგობრობას ავლენს ამჟამინდელი [რედ. დე ფაქტო] პრეზიდენტი ალან გაგლოევიც.

2023 წლის 20 თებერვალს [რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ] გაგლოევმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხედრო ოპერაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის შესახებ. რაც ითვალისწინებს მათთვის სასამართლო დავების შეწყვეტას, საკრედიტო ვალდებულებების შეწყვეტას და ა.შ. 

აღნიშნული განკარგულება სამხრეთ ოსეთში ერთმნიშვნელოვნად დადებითად არ აღიქვეს. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები კითხულობდნენ:  რატომ არ მოქმედებს მსგავსი შეღავათები 1991-2008 წლებში დამოუკიდებელობისთვის მებრძოლებისა და მათი ოჯახებისთვის? იმ წლების ბევრ მეომარს დღეს ნორმალური პენსიაც კი არ გააჩნია, ნუთუ მათ არ დაუმსახურებიათ ეს? სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სპეციალური სამხედრო ოპერაცია? 

2023 წლის 28 აპრილს პრეზიდენტმა გაგლოევმა, რუსეთის მიერ კონტროლირებად მელიტოლოპში ოსი მებრძოლების ადგილსამყოფელი მოინახულა. მან მეოთხე სამხედრო ბაზის მოსამსახურეებსა და ოსური ბატალიონების “ალანიისა” და “შტორმის” მებრძოლებს აღჭურვილობის მორიგი მარაგი გადასცა – კვადროკოპტერები, ტელევიზორები, რაციები, გენერატორები, ასევე, პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები.

გარდა ამისა, ალან გაგლოევმა მეოთხე ბაზის ერთ-ერთ დანაყოფს საკუთარი ავტომობილიც გადასცა. როგორც გაგლოევის პრეს-მდივანმა ნატალია ბოსიკოვამ განაცხადა: პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა რომ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე მებრძოლებს არ ჰყოფნიდათ “პიკაპის” ტიპის ავტომობილები წინა ხაზზე სამხედრო ტვირთების მოსამარაგებლად.

ამასთან, სამხედრო ოპერაციის ზონაში ოსი მებრძოლები ჯამბულატ თედეევმაც [ყოფილი დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი და მწვრთნელი] მოინახულა – პოლიტიკური წონის ფიგურამ, რომელიც გარეშეც არცერთი არჩევნები არ ჩატარებულა. მან უზრუნველყო 2001 წელს ედურდ კოკოითის გამარჯვება, 2011 წელს  – ალა ჯიოევას, 2012 წლის მეორე ტურში კი – ლეონიდ თიბილოვის, რომელმაც დავით სანაკოევი დაამარცხა. 

ადგილობრივი დამკვირვებლების აზრით, ეს ცხადი ნიშანია იმისა, რომ თედეევს შემდეგი სარჩევნო კამანიებისთვისაც გეგმები აქვს [ჯერ საპარლამენტო და შედმეგ საპრეზიდენტო].

მისი მთავარი კანდიდატი კი ანატოლი ბიბილოვი იქნება, რომელმაც 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში საკმაოდ წარმატებული სამშენებლო ბიზნესი წამოიწყო. ამასთან, ექს პრეზიდენტი აჩვენებს, რომ არც იქ ივიწყებს თანამემამულეებს და კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ ასაქმებს. 

ექს პრეზიდენტს დონეცკში დიდი საკუთარი სახლი აქვს, რომელიც მას ალექსანდრ ზახარჩენკომ აჩუქა. სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით მდიდრული ინტერიერით სასადილო ოთახში გაშლილი სუფრების ფოტოებს, სადაც ბიბილოვი თანამემამულეებს მასპინძლობს. 

ბიბილოვი ასევე კურირებს კერძო სამხედრო კომპანიას, რომელიც ოსი მოხალისეებით ივსება.  

აგრეთვე, ბიბილოვი აქტიურად მონაწილეობს პატიმრობიდან და ტყვეობიდან მებრძოლების გათავისუფლების საქმეში. შემდეგ ამ მებრძოლთა დიდი ნაწილი სამუშაოდ გადადის მის კომპანიაში. “კავკაზკი უზელის” ინფორმაციით, დღეს ბიბილოვის დანაყოფი 150-მდე ადამიანს ითვლის, თუმცა, ის გეგმვს მათი რიცხვი 500-მდე გაზარდოს. ამასთან, წყაროები იტყობინებიან, რომ მისი კომპანიa გამოიყენება სახელმწიფო ობიექტების დასაცავად რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, რაც, თავის მხრივ ითვალისწინებს სახელმწიფო კონტრაქტებს.

მართალია, ბიბილოვმა არსებული კანონმდებლობით დაარღვია სამშობლოში ცხოვრების ხანგრძლივობის ცენზი – პირობა, რომელიც მას უფლებას არ აძლევს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს [სამხრეთ ოსეთის კანონებით დეპუტატობის კანდიდატი შეიძლება გახდეს პირი, რომელიც  ხუთი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთიდან 93 სამუშაო დღეზე მეტხანს არ გასულა, საპრეზიდენტო კანდიდატის შემთხვევაში ეს ვადა 10 წელს ითვალისწინებს]. 

დღეების დათვლისას არ იგულისხმება სახელმწიფოს მხრიდან მივლინებით გამგზავრების დღეები. მკურნალობის მიზნით გასვლის შემთხვევაში კი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვაა საჭირო. 

ბიბილოვი კი, ЛДНР -ში არავის გაუგზავნია, საკუთარი ინიციტივით წავიდა და ცენზიც დაარღვია.

თუმცა, ეს პრობლემაც უკვე გადაჭრის პროცესშია. მარტში ბიბილოვის პარტიამ “ედინაია ოსეტიამ” ადგილობრივ, სამხრეთ ოსეთის პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის შესაბამისად, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის დატოვების შემთხვევაში საპატიო მიზეზად ჩაითვლება.

აქ ყველას ესმის, თუ რატომ შეიქმნა ეს კანონპროექტი, თუმცა ღიად დაპირისპირება მასთან ვერავინ გაბედა, რადგან ეს შესაძლოა, წარმოჩინდეს როგორც გალაშქრება თავად რუსული “სამხედრო ოპერაციაში” მონაწილეთა წინააღმდეგ. 

მითუმეტეს, კანონპროექტი ცენზის საკითხის გარდა, უკრაინაში მებრძოლებისა და მათი ოჯახების წევრებისთვის სოციალურ გარანტიებსაც ითვალისწინებს.

ყველასთვის ცხადია, რომ თუ ბიბილოვი არჩევნებამდე დაუშვეს, ის კვლავ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. 

უკვე წარმოდგენაც შეიძლება, რა იქნება მისი მთავარი საარჩევნო ლოზუნგი: “სამშობლო საფრთხეშია, მოღალატები ჩვენს შორის არიან.”

საინფორმაციო რესურები, რომელიც ექს პრეზიდენტის კონტროლქვეშაა, აქტიურად ავრცელებენ მოსაზრებებს, რომ ბიბილოვის პოლიტიკური ოპონენტები ხალხის მტრები, ქართველების და დასავლეთის ჯაშუშები არიან, რომლებიც ემზადებიან სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის გადასაცემად. 

ამასთან, პრეზიდენტი გაგლოევი, ამ პუბლიკაციებში ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის აგენტად არის მოხსენიებული. ეს ყველაფერი საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ხდება. გამოდის, უფრო მნიშვნელოვანი “მხილებები” წინაა?

რა თქმა უნდა, ისიც ცხადია,  “სამშობლოს გადარჩენის” საქმეში ბიბილოვთან ერთად უკრაინიდან დაბრუნებულ ბიჭებს რომ გამოიყენებენ. ამისთვის საფუძველი უკვე აქტიურად მზადდება – “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ოს მონაწილეთა ჰეროიზაციისთვის დიდი კამპანია დაწყებულია. 

სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდება რგოლები, სადაც “უკრაინაში ნაციზმთან” მებრძოლი “ძლიერი” ბიჭები სამხედრო ფორმებში სამშობლოში მიმდინარე მოვლენებზე უკმაყოფილებას გამოხატავენ. 

არც ისე დიდი ხნის წინ მათი უკმაყოფილებისა და შეშფოთების მიზეზი ვლადიკავკაზში ქართველი მომღერლის გამოსვლა და კონცერტის დროს კედლებზე გაკრული ქართული დროშები გახდა. ეს მებრძოლები ფიქრობენ, რომ ომში მონაწილეობა მათ უფლებას აძლევს საზოგადოებას ჭკუა დაარიგონ და მათი მოსმენა აიძულონ. 

ერთი მხრივ, აქ ადგილობრივი საზოგადოება ლოცულობს ბიჭების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებაზე და მათ სიცოცხლეზე, თუმცა, პარალელურად, მათი მდგომარეობა და მათი პოლიტიკურ თამაშებში ჩართულობა, საზოგადოებაში საფრთხის განცდას აჩენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი