ახალი ამბები

ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადება რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზე

19 მაისი, 2023 •
ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადება რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებას გამოხატავს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით და აცხადებს, რომ ეს ეწინაარმდეგება საქართველოს ინტერესებს და მის მიერ არჩეულ ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას.

ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს შესაბამისობაში მოვიდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან, მათ შორის ავიაციის სექტორში”, – აცხადებენ ლიეტუვის საგარეო უწყებაში.

რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი