ახალი ამბები

ნატა ფერაძის ცნობით, აეროპორტთან დაკავებულები გაათავისუფლეს, მათი სასამართლოები გადაიდო

19 მაისი, 2023 •
ნატა ფერაძის ცნობით, აეროპორტთან დაკავებულები გაათავისუფლეს, მათი სასამართლოები გადაიდო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქციაზე დაკავებული 5 პირი გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესები სხვა დროისთვის გადაიდო.

ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ერთ-ერთმა დაკავებულმა, ნატა ფერაძემ დაუდასტურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე, სადაც მოქალაქეები რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ პირველი რეისის ჩამოფრენას აპროტესტებდნენ, 6 ადამიანი დააკავეს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაკავებულები იყვნენ ნატა ფერაძე, გიორგი ახობაძე, გელა ხასაია, შუშანა მაცაბერიძე, ლევან თარხნიშვილი და თათა ხუნდაძე.

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დამატებითი ინფორმაციის გარკვევას ცდილობს. ჯერჯერობით უცნობია რომელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება შსს დაკავებულებს.

დამატებითი ცნობების მიღების შემდეგ მასალა განახლდება.


რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი