საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი საქართველოს მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანის შედეგია.

„არჩევანს მნიშვნელობა აქვს. არჩევანს შედეგები მოჰყვება“, — თქვა ჰერჩინსკიმ ევროკომისიის მიერ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. .

„გასული წლის განმავლობაში ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით არსებული უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველოს, სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა და კვლავ ვერ იღებს სარგებელს, რომელსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს. მმართველი პარტია საქართველოში განაგრძობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმის, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობის საშუალებით. კიდევ უფრო რეპრესიული კანონების მიღებამ სამოქალაქო სივრცის მნიშვნელოვანი შეზღუდვა გამოიწვია“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გამოცხადებულ სწრაფვას ძირეულად ეწინააღმდეგება ხელისუფლების სისტემატური მტრული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ, მანიპულაციური ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელება, ევროკავშირის ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე უარის თქმა.

ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის საშუალებით, ჰერჩინსკის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს უქმნის საფრთხეს.

„თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს კურსის შეცვლას და ევროკავშირში გაწევრიანების ფუნდამენტური პრინციპების — დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების — ერთგულებას დაუბრუნდება, ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა შესაძლოა განახლდეს. საქართველომ თავად მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების თხოვნით და უნდა აჩვენოს, რომ წევრობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ევროკომისიის თანმიმდევრული ანგარიშები გაფართოების შესახებ, ისევე როგორც დღეს გამოქვეყნებული ანგარიში, აწვდიდა საქართველოს ინფორმაციას, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. გასული წლის განმავლობაში საქართველოში ვითარება უფრო მეტად გაუარესდა: ვხედავთ დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას, კანონის უზენაესობის სწრაფ რღვევას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა კვლავ უცვლელია“, — თქვა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ნდობისა და დიალოგის აღსადგენად, რომელსაც ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ითხოვდა, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტა და უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებაა საჭირო.

ჰერჩისნკის თქმით, დიალოგი ევროკავშირის დნმ-ის ნაწილია, თუმცა ის შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა.

„თუ ჩემ უკან გაიხედავთ, დაინახავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27 დროშას. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და მივდივართ კომპრომისზე, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს. ამიტომ, გუშინ ბატონ ირაკლი კობახიძის მოსმენისას Euronews-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვიგრძენი, რომ ძალიან პოზიტიური იყო ის, რომ იგი ახსენებდა დიალოგს, დიალოგს და დიალოგს.

როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყველანი დიალოგის მომხრე ვართ. პრობლემა ის არის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მმართველმა პარტიამ საქართველოში ეს დიალოგი ყოველგვარი შინაარსისგან დაცალა, დემოკრატიული უკუსვლით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარით, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლით, ევროკავშირზე ყოველდღიური თავდასხმებითა და ცილისმწამებლური კამპანიით. რას ელით ევროკავშირისგან — რა საკითხებზე ისაუბრებს? ელით, რომ ევროპული ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები განიხილავენ ე.წ. „დიფ სტეიტის“ განმარტებას? ელით, რომ ჩვენ ჩავერთვებით დიალოგში „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ? ელით, რომ განვიხილავთ განსხვავებებს ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის? ეს ცილისმწამებლური კამპანია უნდა შეწყდეს, რათა დიალოგი განახლდეს“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ დღეს, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე უპასუხა სამთავრობო „იმედის“ კითხვას იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ანგარიში, როდესაც „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებას“ ითხოვს, ვის ეხება ეს და ხომ არ უჭერს ევროკავშირი მხარს ძალადობას.

ჰერჩინსკიმ თქვა, რომ დეტალებში ვერ შევა, თუმცა სხვადასხვა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა სხვადასხვა სიები წარადგინეს და გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოს მისაღებია, მაგრამ ევროკავშირის სურვილია, ადამიანები, რომლებსაც უსამართლოდ მიესაჯათ არაპროპორციული სასჯელი, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ.

„ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ვანდალიზმს, არც საქართველოში და არც სხვაგან. საწინააღმდეგო ბრალდებები ცილისწამების კამპანიის ნაწილია და ეს სიტუაცია, რომელშიც ვართ საქართველოს გაწევრიანების დე ფაქტო შეჩერებით, ამ ცილისმწამებლური კამპანიის ბრალიცაა. ჩემი მოწოდება ქართველ პოლიტიკოსებს ეხება, მაგრამ ასევე — ქართველ ჟურნალისტებსაც, რომლებსაც ასევე აკისრიათ პასუხისმგებლობა: ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ ანტიევროპულ რიტორიკაში“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და თქვა, რომ  ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომელმაც ბარიერი გადალახა, მათ შორის, ვინც პარლამენტში შევიდა, უპრეცედენტოა ევროპული საბჭოს ისტორიაში.

ამ თემაზე:

ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დებატებს ვთავაზობთ – კობახიძე

რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში