თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ პირველი რეისის ჩამოფრენას აპროტესტებდნენ, სულ მცირე 6 ადამიანი დააკავეს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნატა ფერაძე, გიორგი ახობაძე, გელა ხასაია, შუშანა მაცაბერიძე, ლევან თარხნიშვილი და თათა ხუნდაძე.

6 ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ მათი ვინაობა.


რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.