ახალი ამბები

ენმ-ს ფრაქციას ბაჩუკი ქარდავაც ტოვებს

17 მაისი, 2023 • 1434
ენმ-ს ფრაქციას ბაჩუკი ქარდავაც ტოვებს

ნიკა მაჭუტაძის, ნატო და როსტომ ჩხეიძეების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციას ბაჩუკი ქარდავაც ტოვებს. 

ამის შესახებ მან 17 მაისს განაცხადა. ქარდავა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა და პარლამენტში ენმ-ის ბლოკით მოხვდა, ენმ-ის ფრაქციას დღევანდელი კენჭისყრის გამო ტოვებს – ის ერთ-ერთია იმ ხუთი დეპუტატიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 3 წევრის დანიშვნას. 

ამ თემაზე: ახსნილი: რას ცვლის 3 ახალი წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

ქარდავა ამბობს, რომ მას არ ჰქონია  კონსულტაციები “ოცნებასთან”  კენჭისყრამდე. 

“არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რომელიც არ გაცხადდება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა დროთა განმავლობაში და არ მგონია, დიდი დრო დასჭირდეს დღევანდელი ფაქტის რეალური მიზეზების გამომჟღავნებას. არ შეესაბამება სიმართლეს, ამ კენჭისყრასა და პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შორის რაიმე კავშირი არსებობდეს. მითუმეტეს, კომუნიკაცია არც ადრე , არც დღეს და არც ბოლო პერიოდში არ მქონია ქართულ ოცნებასთან და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფაქტორად ვთვლი, მხარეებს შორის თუნდაც უკიდურესად დაპირისპირებულთა შორის, კომუნიკაციის აუცილებლობას, იმ ვითარებაში, როცა ოპონენტს რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებ, აქ ღრმა თანამშრომლობას გამოვრიცხავ! ისიც ფაქტია, რომ მთავარი მიზეზი დღევანდელი მოვლენების იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერშემდგარი შეთანხმება, ავადსახსენებელ საბჭოში ოპოზიციისთვის ადგილის დათმობისა. 

„ოცნება“ კვლავაც ხელისგადაგრეხვის პრინციპით მოქმედებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთბვისაც მხოლოდ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს გახდა ცნობილი. იყო ნახსენები სხვადასხვა გვარები, ვიზედაც ხმის მიცემა დასაშვებად მიაჩნდათ სხვადასხვა ოპოზიციურ ლიდერს, მაგრამ საუბარი კენჭისყრის ბოიკოტირებაზე იმ წუთამდე, სანამ შევწყვიტეთ კენჭისყრა და დავტროვეთ დარბაზი არ ყოფილა. როგორც კი ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ოპოზიციამ ვერ მიაღწია შედეგს იმ კომუნიკაციაში, რომელშიც მე არ ვიღებდი მონაწილოებას და შესაბამისად, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი, მე შევწყვიტე კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მოგვიანებით, საერთოდ დავტოვე დარბაზი.

გარიცხვაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, არასერიოზულად მეჩვენება, ადამიანების მხრიდან, რომლებმაც დიდი ხნით ადრე, პირადად ჩემგან იცოდნენ ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ისე, რომ ამას ოპოზიციური ერთობისთვის ხელი არ შეეშალა. იმის გამო, რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება მათ მაინცდამაინც მისაღებად არ მიაჩნდათ , მე არ ვჩქარობდი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა დღევანდელი ისტერიკის ფონზე, დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა”, – წერს ქარდავა ფეისბუკის თავის გვერდზე. 


17 მაისს საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს. ფარული კენჭისყრის შემდეგ ცნობილი გახდა იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ვინაობა, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს და მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების კანდიდატებს.

ამავე თემაზე:

ვერ გააჯანსაღებს მართლმსაჯულების სისტემას — კოალიცია ოცნების მხარდაჭერილთა არჩევაზე

ბეჟაშვილის თქმით, კენჭისყრამდე დეპუტატებს მისწერა, ხმა ვისთვის უნდა მიეცათ

კობახიძის მადლობა ოპოზიციონერებს იუსტიციის საბჭოს კანდიდატების მხარდაჭერისთვის

ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ენმ-ის ფრაქციას ტოვებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი