ახალი ამბები

ბეჟაშვილის თქმით, კენჭისყრამდე დეპუტატებს მისწერა, ხმა ვისთვის უნდა მიეცათ

17 მაისი, 2023 • 6572
ბეჟაშვილის თქმით, კენჭისყრამდე დეპუტატებს მისწერა, ხმა ვისთვის უნდა მიეცათ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კენჭისყრამდე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა იცოდნენ, რომ მხარი მხოლოდ 4 კანდიდატისთვის უნდა დაეჭირათ.

მისი თქმით, ეს კანდიდატები იყვნენ: სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, ლია მუხაშავრია და კახა წიქარიშვილი.

ბეჟაშვილის თქმით, ამ ადამიანების სახელები მან კენჭისყრამდე საერთო “ჩატში” მისწერა. თუმცა მიუხედავად ამისა, ბეჟაშვილის თქმით, მისმა უკვე ყოფილმა თანაფრაქციელებმა მხარი სამთავრობო კანდიდატებს დაუჭირეს.

“7-8 თვეა მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს საშუალება წარადგინოს და დანიშნული იქნეს არამოსამართლე წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. 7 თვე ვცდილობდით ამ შეთანხმების მიღწევას და ჩვენმა კოლეგებმა იცოდნენ, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ “ქართული ოცნების” წარმოდგენილ ვერსიას, არ იყო შეთანხმება და შესაბამისად, ჩვენ არ დავუჭერდით მხარს არცერთ კანდიდატს.

ოპოზიციის მხრიდან საუბარი იყო მხოლოდ 5 კანდიდატზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და აკადემიურ წრეებს წარმოადგენენ. კენჭისყრამდე “ჩატში” საგანგებოდ ჩაიწერა 4 გვარი, რომ მხოლოდ ამ კანდიდატებზე იქნებოდა შესაძლებელი მხარდაჭერის გამოცხადება. სხვა შემთხვევაში ეს მხარდაჭერა არ უნდა დაფიქსირებულიყო.

მაშინ, როცა “ქართული ოცნება” საგანგებო მობილიზაციით იყო დღევანდელ სხდომაზე, ბუნებრივია ეს თანხვედრა და ჩვენი აწ უკვე ფრაქციის ყოფილი წევრების მიერ სამთავრობო კანდიდატების მხარდაჭერა, ბუნებრივია, კითხვებს აჩენს. მე მგონია, რომ ამას საზოგადოება პასუხს თავად გასცემს”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციას ტოვებენ, მას შემდეგ რაც მათ “ოცნების” დეპუტატებთან ერთად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 არამოსამართლე წევრს მხარი დაუჭირეს.

მაჭუტაძე ამას პოლიტიკურ შეცდომასა და ოპოზიციის კომუნიკაციის პრობლემებს უკავშირებს.

ნატო ჩხეიძე კი აცხადებს, რომ მას კენჭისყრამდე 2 წუთით ადრე კომუნიკაცია ლევან ბეჟაშვილთან ჰქონდა. თუმცა რა უთხრა ბეჟაშვილმა, ჩხეიძე ჯერ არ აკონკრეტებს და აანონსებს, რომ საუბრის შინაარსზე  სატელევიზიო ეთერებში ისაუბრებს.


საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს.

კენჭისყრა ფარულია, შესაბამისად ცნობილი არაა თუ რომელმა დეპუტატებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა აღნიშნულ კანდიდატებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამი კანდიდატის დამტკიცების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს, რის გამოც სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

საუბარია 5 ოპოზიციონერ დეპუტატზე – ნიკა მაჭუტაძეზე, როსტომ და ნატო ჩხეიძეებზე, ბაჩუკი ქარდავასა და დილარ ხაბულიანზე, რომლებმაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ხმა მისცეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. 90 დეპუტატი კი არც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაშია („ევროპელი სოციალისტების“ დამატებით) და არც ოპოზიციაში.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია, „ევროპელი სოციალისტები“ კი პარლამენტში 4 დეპუტატით არიან წარმოდგენილი. ამრიგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა სჭირდებოდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი