ახალი ამბები

კობახიძის მადლობა ოპოზიციონერებს იუსტიციის საბჭოს კანდიდატების მხარდაჭერისთვის

17 მაისი, 2023 • 916
კობახიძის მადლობა ოპოზიციონერებს იუსტიციის საბჭოს კანდიდატების მხარდაჭერისთვის

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 არამოსამართლე წევრის არჩევას მხარი დაუჭირეს.

კობახიძის თქმით, ამ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

კობახიძის განცხადებით, “რადიკალურმა ოპოზიციამ” კიდევ ერთხელ სცადა “ლიბერალური ფაშიზმის” მეთოდების გამოყენება და თავისუფალი მანდატის პრინციპის ხელყოფა.

“ის დეპუტატები ოპოზიციიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, არიან გარიგებული არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან. ძალიან პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს მათ იმასთან დაკავშირებით, რომ სურთ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის[…] ამ დეპუტატებს მადლობა არამხოლოდ ჩვენ, არამედ საზოგადოებამ უნდა გადაუხადოს”, – განაცხადა კობახიძემ.


საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს.

კენჭისყრა ფარულია, შესაბამისად ცნობილი არაა თუ რომელმა დეპუტატებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა აღნიშნულ კანდიდატებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამი კანდიდატის დამტკიცების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს, რის გამოც სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

საუბარია 5 ოპოზიციონერ დეპუტატზე, რომლებმაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ხმა მისცეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. 90 დეპუტატი კი არც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაშია („ევროპელი სოციალისტების“ დამატებით) და არც ოპოზიციაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი