5 ოპოზიციონერი დეპუტატის მხარდაჭერით დღეს, 17 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 3 წევრი აირჩია.
რა ხდება?
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც წესით 15 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, ამჟამად მხოლოდ 10 წევრია. მათგან 9 მოსამართლეა, რომელთაგან 8 მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია, ერთი წევრი კი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, ამავდროულად ითავსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს.
რაც შეეხება საბჭოს მეათე წევრს, თამარ ღვამიჩავა საბჭოს ერთადერთი არამოსამართლე წევრია, რომელიც პრეზიდენტის [სალომე ზურაბიშვილი] მიერაა წარდგენილი.
შესაბამისად, ამჟამად საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტური თანამდებობაა, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
5-დან სამი წევრის არჩევა დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, თუმცა ამისთვის მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობისა და ევროპელი სოციალისტების ხმები არ ჰყოფნიდა. თუმცა, ამ პროცესში მონაწილეობა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც მიიღო.
“მიზანი იყო ილუზიის შექმნა”
არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საბჭოზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ე.წ. კლანს სასამართლო სისტემაში, რომლის ლიდერებსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაადო. შესაბამისად, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ არამოსამართლე წევრების კვოტით საბჭოში შევიდნენ დამოუკიდებელი წევრები და არა “ქართულ ოცნებასა” და ე.წ. კლანთან დაკავშირებული ან მათდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანები.
“ქართული ოცნებაც” და სასამართლოს ლიდერებიც უარყოფენ სისტემაში კლანის არსებობს.
როგორც მოსამართლე და არამოსამართლე წევრების რაოდენობრივი განაწილებიდანაც ჩანს, საბჭოში მოსამართლე წევრები უმრავლესობაში იქნებიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხუთივე ვაკანტური პოზიციის შევსება მოხდება. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთია სასამართლოს რეფორმირება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური თანამდებობების შევსება. შესაბამისად, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ დღევანდელი კენჭისყრის მიზანი იყო არაიმდენად ე.წ. კლანის გავლენის დაკანონება საბჭოში, რადგან ეს უკვე მომხდარია, არამედ ის რომ „ქართულ ოცნებას” სურდა შეექმნა პოლიტიკური კონსენსუსის ილუზია: თითქოს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთად აირჩიეს ახალი წევრები.
„იუსტიციის საბჭო დიდი ხანია „ქართულ ოცნებას“ ჯიბეში აქვს ჩადებული. ამ სქემის გამო მოხდა მოსამართლეების სანქცირება. მათი ინტერესი იყო საბჭოში ადამიანების შეყვანა, რომლებიც გააძლიერებდნენ კლანს ან მინიმუმ, პრობლემებს არ შექმნიდნენ. „ქართული ოცნების“ მიზანი იყო ასეთი მდუმარე წევრები შეეყვანა საბჭოში და ეს გაესაღებინა, როგორც ევროპული რეკომენდაციების შესრულება. მათ ივაჭრეს რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან… რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი იყიდეს და ეს უნდოდათ შეესაღებინათ ამ ქვეყნის მოქალაქეებისა და ბრიუსელისთვის, როგორც პოლიტიკური კონსენსუსი. ასე ცდილობს „ქართული ოცნება“ „შეასრულოს“ რეკომენდაციები.
„ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს სასამართლო რეფორმას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ეს ხუთი ადამიანი არსებითად ვითარებას ვერ შეცვლიდა, მაგრამ იქნებოდა საზოგადოების კომპეტენტური თვალი და ყური რომელთა მეშვეობითაც იქ არსებული მანკიერებების დოკუმენტირება მოხდებოდა. „ქართულ ოცნებას“ ჩაუვარდა ეს გეგმა თან საბჭოში მისთვის მისაღები ხალხი შეეყვანა და თან ეს გაესაღებინა, როგორც პოლიტიკური კონსენსუსი. ამ ქვეყანაში სასამართლოს გაჯანსაღების გზა გადის ხელისუფლების ცვლილებაზე,“ — ამბობს ანა ნაცვლიშვილი „ტელეკომპანია პირველთან“.
კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი?!
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის წამოყენებულ პირობებს შორის სასამართლოს ნაწილში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა მიღებული ღონისძიება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია კი ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორიც მოსამართლეების განმწესებაა, ე.წ. ორმაგი 2/3 ის პრინციპის დანერგვაა, რაც მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის რიცხვობრივ დისბალანსს დააზღვევდა. კერძოდ აღნიშნული მოდელის მიხედვით, საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს მხარი უნდა დაუჭიროს როგორც მოსამართლე წევრების 2/3-მა, ასევე არამოსამართლე წევრთა ამავე თანაფარდობამაც,
გამომდინარე აქედან, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ შეიძლება ცდილობდეს „ქართული ოცნება“ მისთვის სასურველი კანდიდატების საბჭოში შეყვანას, აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების და ორმაგი 2/3-ის პრინციპის დანერგვას შემთხვევაშიც, ე.წ. კლანისთვის მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღების გარანტირებაა:
„მთელი ბატალიები იყო ამასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის საბჭოში ქართული ოცნების და კლანის მხარდამჭერი ახალი არავინ შესულიყო. თან ორმაგი 2/3-ის წესზე არის ამდენი საუბარი, ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მათ, ფაქტობრივად, მთელი თავიანთი რესურსი გამოიყენეს და თავიანთი კავშირები დაწვეს ნაციონალურ მოძრაობასთან იმიტომ რომ ყველა იმ ადამიანის ჩართვა მოუწიათ, რა რესურსიც ეგულებოდათ ოპოზიციაში. ახლა შეიძლება თქვან რომ ჩვენ თანახმა ვართ ორმაგი 2/3-ის წესზე, რადგან ეს მათთვის რისკს უკვე აღარ წარმოადგენს,
სანქცირებულ მოსამართლეებზე და მათ მეგობრებზე დგას ახლა „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ამ მეგობრებს რომ მხნეობა ეგრძნოთ… ისინი 10 ადამიანი არიან და ათივეს ხმით იღებდნენ გადაწყვეტილებას და ორმაგი ორი მესამედის პრინციპი რომ მიეღოთ და ამ ათიდან რომელიმე გამოკლებოდათ, პრობლემა შეექმნებოდათ. შეიძლებოდა შერყეულიყო კლანის გავლენა და „ქართული ოცნების“ ინტერესი იყო დაემატებინათ იქ ის ხალხი, რათა თავი მშვიდად ეგრძნოთ. სინამდვილეში ამიტომ იყო ეს მნიშვნელოვანი,“ — ამბობს იაგო ხვიჩია.
რა მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად გამართულ კენჭისყრაზე
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე 3 წევრი დაამტკიცა.
ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს.
კენჭისყრა ფარულია, შესაბამისად ცნობილი არაა თუ რომელმა დეპუტატებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა აღნიშნულ კანდიდატებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამი კანდიდატის დამტკიცების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს, რის გამოც სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
საუბარია 5 ოპოზიციონერ დეპუტატზე, რომლებმაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ხმა მისცეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. 90 დეპუტატი კი არც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაშია („ევროპელი სოციალისტების“ დამატებით) და არც ოპოზიციაში.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია, „ევროპელი სოციალისტები“ კი პარლამენტში 4 დეპუტატით არიან წარმოდგენილი. ამრიგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა სჭირდებოდათ.
გამოდის, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და “ევროპელი სოციალისტების” გარდა “ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ხმა 5-მა ოპოზიციონერმა მისცა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 არამოსამართლე წევრის არჩევას მხარი დაუჭირეს.
კობახიძის თქმით, ამ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას.
“ის დეპუტატები ოპოზიციიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, არიან გარიგებული არა ვინმესთან, არამედ კანდიდატის სტატუსთან. ძალიან პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს მათ იმასთან დაკავშირებით, რომ სურთ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის[…] ამ დეპუტატებს მადლობა არამხოლოდ ჩვენ, არამედ საზოგადოებამ უნდა გადაუხადოს”, – განაცხადა კობახიძემ.
ვინ არიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული კანდიდატები
ტრისტან ბენაშვილი – სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი — აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია;
ტრისტან ბენაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე, მას აქვს ჩაბარებული მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.
პარლამენტში კანდიდატთან გასაუბრებისას გამოწვევებთან დაკავშირებით ტრისტან ბენაშვილმა გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში რა თქმა უნდა იყო გამოწვევები, არის და იქნება. მისი აზრით, ნელ-ნელა, მაგრამ სასამართლო მაინც ვითარდება. ამის რწმენის საფუძველს მას აძლევს საქართველოს კონსტიტუციაში და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ბოლო დროს შესული ცვლილებები. მან ასევე ისაუბრა სასამართლოს მიმართ ნდობის შესახებ და აღნიშნა:
„რაც შეეხება უფლებების რეალიზაციას, უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებით, რომ გამოწვევები არ არსებობს ეს ჩანს სასამართლოში მიმართვიანობითაც. თუ ავიღებთ სტატისტიკას, ყოველ თვე, ყოველ წელს იზრდება მიმართვიანობის სტატისტიკა. თუ [სასამართლოს მიმართ] ნდობა არ არსებობს, შესაბამისად სარჩელებიც არ შევა. ამას მოწმობს სასამართლოს სტატისტიკა ადმინისტრაციული მიმართულებით, როდესაც 60-65% შემთხვევებში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები იგებენ სასამართლო პროცესებს და უამრავი სხვა ფაქტორი მოწმობს ამას. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, შესაბამისი კვლევები. ავიღოთ მაგალითად „იფსოს ფრანსის“ კვლევა და სხვა ფაქტორები.“
ზურაბ გურასპაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი. წარმდგენი- ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება; ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი.
პარლამენტში კანდიდატთან გასაუბრებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გაგზავნილი განაცხადების კლების შესახებ ზურაბ გურასპაშვილმა უპასუხა:
„ეს რა თქმა უნდა გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლო გარკვეულწილად, როგორც სასამართლო, რომელიც ასე ვთქვათ პრაქტიკას აყალიბებს და ერთგვაროვანი პრაქტიკისკენ წავიდა. და პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები ამ პრაქტიკით მიდიან. შესაბამისად ის 3-საფეხურიანი სასამართლო, რომლის სარგებლობის უფლებაც აქვთ მოქალაქეებს, არის ბოლომდე დამოუკიდებელი. სისტემა გაძლიერდა, რამაც განაპირობა მოქალაქეების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოში ნაკლები საქმეების და საჩივრების შეტანა.“
გიორგი გზობავა – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. წარმდგენი- ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია.
გურასპაშვილის დეკლარაციიდან ირკვევა რომ მისი მეუღლე, თამარ ბლიაძე სააპელაციო სასამართლოში მუშაობს.
საქმეთა გაჭიანურების შესახებ, საქართველოს პარლამენტში გასაუბრების დროს გიორგი გზობავამ აღნიშნა, რომ:
„საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებიდან სასამართლოში თარჯიმნების არარსებობა, თარჯიმნების ნაკლებობა შემიძლია დავასახელო, ასევე, მოსამართლეების მცირე რაოდენობა, სასამართლო დარბაზების, ასე ვთქვათ, შესაბამისი აღჭურვის არქონა, სასამართლო დარბაზების არქონა. მოსამართლეებს აქვთ დღეები სასამართლოში საქმეების განხილვის, ისიც მერე ხანდახან სხვანაირად ემთხვევა, არის ხშირად პროცესი გადაიდება იმიტომ, რომ სხვა მოსამართლეს გაუგრძელდება პროცესი და იმ დარბაზში ვერ შედიხარ და სხვაგან დარბაზი არ არის.
ეს ხდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც უამრავი დარბაზია, მაგრამ საქმეების რაოდენობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლეები ისედაც ცოტანი არიან. მაინც არსებობს დარბაზების აღჭურვის საკითხიც. მოძველდა. ხშირად ხდება რომ ვიდეო მტკიცებულებებს ვერ იკვლევენ იმიტომ, რომ პროექტორი არ მუშაობს დარბაზში. თუ ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ მტკიცებულებების დიდ ეკრანზე გამოკვლევას, მას სჭირდება პროცესის გადადება, თუ არა და მოსამართლის ან მისი თანაშემწის ლეპტოპზე ხდება ვიდეო მტკიცებულების გამოკვლევა.“
* კანდიდატების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“.
მეორე ტურში გადასული კანდიდატები
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ 2 ვაკანტურ ადგილზე ბრძოლას 4 კანდიდატი გააგრძელებს, რომლებმაც დღეს ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ აიღეს, თუმცა სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ.
- რუსუდან კვინიკაძე – 89 ხმით
- გოგა კიკალაშილი – 89 ხმით
- ლევან ნემსაძე – 88 ხმით
- ნინო ნიშნიანიძე – 87 ხმით
მათ საკითხზე კენჭისყრა მოგვიანებით გაიმართება.