ახალი ამბები

ვერ გააჯანსაღებს მართლმსაჯულების სისტემას — კოალიცია ოცნების მხარდაჭერილთა არჩევაზე

17 მაისი, 2023 • 761
ვერ გააჯანსაღებს მართლმსაჯულების სისტემას — კოალიცია ოცნების მხარდაჭერილთა არჩევაზე

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატურების მხარდაჭერას აკრიტიკებს.

საუბარია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატურებზე, რომელთა სასარგებლოდაც პარლამენტის დეპუტატებმა, მათ შორის, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა, 17 მაისს მისცეს ხმა.

“კოალიცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად აღმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს სასამართლო სისტემაში კლანის მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათი ძალაუფლების შენარჩუნებას.

სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მხარი აუბა და ეს ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როცა საქართველოს შესასრულებელი აქვს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მართლმსაჯულების გაჯანსაღებას ეხება.

დღეს მიღებული ეს გადაწყვეტილება ვერ გააჯანსაღებს მართლმსაჯულების სისტემას და ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ამ პროცესში”, — აღნიშნა ბრიფინგზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს.

საუბარია 5 ოპოზიციონერ დეპუტატზე, რომლებმაც “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს, სავარაუდოდ, ხმა მისცეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. 90 დეპუტატი კი არც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაშია („ევროპელი სოციალისტების“ დამატებით) და არც ოპოზიციაში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”(ენმ) წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, კანდიდატურების მხარდამჭერ 5 ოპოზიციონერს შორის 4 მათგანი ენმ-ის ფრაქციის წევრია. ესენი არიან: ბაჩუკი ქარდავა, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ნიკა მაჭუტაძე.

მეხუთე დეპუტატი, მედიასა და პარლამენტის კულუარებში გავრცელებული ცნობით, დილარ ხაბულიანია.

მოგვიანებით ბაჩუკი ქარდავამ თქვა, რომ ყველაფერი “გაუგებრობას” უნდა მივაწეროთ. ქარდავა არ აკონკრეტებს რომელ კანდიდატებს მისცა ხმა. თუმცა ის უარყოფს, რომ მხარი დაუჭირა “კობახიძის კანდიდატებს”.

საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევად თავდაპირველად 32 კანდიდატი წარუდგინეს. მოგვიანებით ორმა მათგანმა, გიორგი ბურჯანაძემ და ანა აბაშიძემ კანდიდატურები მოხსნეს. თუმცა კონკურსში არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ნაწილი ისევ მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი