ახალი ამბები

ესაა თანამშრომლობა “ოცნებასთან” – ბოკუჩავა 5 ოპოზიციონერზე

17 მაისი, 2023 • 909
ესაა თანამშრომლობა “ოცნებასთან” – ბოკუჩავა 5 ოპოზიციონერზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ვერ ხედავს შესაძლებლობას, გაგრძელდეს თანამშრომლობა ენმ-ის ფრაქციის წევრ იმ დეპუტატებთან, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.

საუბარია 5 ოპოზიციონერ დეპუტატზე, რომლებმაც “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს, სავარაუდოდ, ხმა მისცეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. 90 დეპუტატი კი არც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაშია („ევროპელი სოციალისტების“ დამატებით) და არც ოპოზიციაში.

ბოკუჩავას თქმით, ხსენებული დეპუტატების ვინაობაზე თავიდან მედიის საშუალებით შეიტყო, თუმცა შემდეგ “კადრების ხილვის საშუალებაც გვქონდა”. ის ადასტურებს, რომ საუბარია ნიკა მაჭუტაძეზე, ნატო ჩხეიძეზე, როსტომ ჩხეიძეზე, ბაჩუკი ქარდავაზე და “კიდევ ერთ ადამიანზე, რომელიც არ არის ფრაქციის წევრი”.

მედიის ცნობით, მეხუთე დეპუტატი დილარ ხაბულიანია, რომელიც ენმ-ის ფრაქციის წევრი არ არის. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სხვა დეპუტატი ფრაქციაში ერთიანდება.

“მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს თანამშრომლობა ფრაქციის ფორმატში. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ… ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო და როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყოვლად მიუღებელია, რომ არსებობდეს ისეთი პოზიციები, როგორიც დღეს დააფიქსირეს ამ ადამიანებმა.

ეს არის თანამშრომლობა “ქართულ ოცნებასთან”. რამ გამოიწვია ეს, რა იყო ამის მიზეზი, ამაზე ალბათ თავად ისაუბრებენ”, — უთხრა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს.

კითხვის საპასუხოდ, გარიცხავენ თუ არა ამ ადამიანებს ფრაქციიდან, თინა ბოკუჩავამ თქვა:

“ფორმალურად რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ეს კიდევ გადაწყდება”.

მას ასევე ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა წინასწარ ნათქვამი ფრაქციის ზემოხსენებულ წევრებს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიღებასაც კენჭისყრისას აპირებდნენ.

“არა, ბუნებრივია”, — უპასუხა ბოკუჩავამ.

“ნეტგაზეთი” ცდილობს, დაუკავშირდეს ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც “ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. ნატო ჩხეიძის თქმით, ისინი ამ საკითხზე ბრიფინგს გამართავენ.

მოგვიანებით ბაჩუკი ქარდავამ თქვა, რომ ყველაფერი “გაუგებრობას” უნდა მივაწეროთ. ქარდავა არ აკონკრეტებს რომელ კანდიდატებს მისცა ხმა. თუმცა ის უარყოფს, რომ მხარი დაუჭირა “კობახიძის კანდიდატებს”.

საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევად თავდაპირველად 32 კანდიდატი წარუდგინეს. მოგვიანებით ორმა მათგანმა, გიორგი ბურჯანაძემ და ანა აბაშიძემ კანდიდატურები მოხსნეს. თუმცა კონკურსში არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ნაწილი ისევ მონაწილეობს.

ვინ არიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული კანდიდატები

  • ტრისტან ბენაშვილი – სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი — აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია;
  • ზურაბ გურასპაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი. წარმდგენი- ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება; ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი.
  • გიორგი გზობავა – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. წარმდგენი- ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია.

მეორე ტურში გადასული კანდიდატები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ 2 ვაკანტურ ადგილზე ბრძოლას 4 კანდიდატი გააგრძელებს, რომლებმაც დღეს ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ აიღეს, თუმცა სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ.

  • რუსუდან კვინიკაძე – 89 ხმით
  • გოგა კიკალაშვილი – 89 ხმით
  • ლევან ნემსაძე – 88 ხმით
  • ნინო ნიშნიანიძე – 87 ხმით

მათ საკითხზე კენჭისყრა მოგვიანებით გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი