ახალი ამბები

“მივაწეროთ ყველაფერი გაუგებრობას” – ბაჩუკი ქარდავა სკანდალურ კენჭისყრაზე

17 მაისი, 2023 •
“მივაწეროთ ყველაფერი გაუგებრობას” – ბაჩუკი ქარდავა სკანდალურ კენჭისყრაზე

“მივაწეროთ ყველაფერი გაუგებრობას”, – ეს განცხადება ტვ პირველის ეთერში დეპუტატმა ბაჩუკი ქარდავამ გააკეთა, რომელიც პარლამენტის კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთია, ვინც ხმა მისცა იუსტიციის საბჭოში “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატებს.

“ბაჩუკი ქარდავა” ადასტურებს, რომ რამდენიმე კანდიდატს მხარი ნამდვილად დაუჭირა და სხვებისთვისაც აპირებდა ხმის მიცემას, თუმცა სოლიდარობა გამოუცხადა ოპოზიციის პროტესტს და კენჭისყრის დროს პარლამენტის დარბაზი დატოვა.

ქარდავა არ აკონკრეტებს რომელ კანდიდატებს მისცა ხმა. თუმცა ის უარყოფს, რომ მხარი დაუჭირა “კობახიძის კანდიდატებს”.

ბაჩუქი ქარდავას თქმით, ზოგიერთმა კოლეგა ოპოზიციონერმა “შეფასებებში იჩქარა”.

“გარიგებაში კი არა, საუბარიც კი არ მქონია “ქართულ ოცნებასთან”, რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ”, – განაცხადა ქარდავამ.

მისი თქმით, არ არსებობდა რაიმე საერთო ოპოზიციური შეთანხმება, რომელიმე კანდიდატისთვის ხმის მიცემის ან არ მიცემის თაობაზე, შესაბამისად ის მომხდარს, “გაუგებრობას” უწოდებს და გამოთქვამს მეტიი კოორდინაციის სურვილს ოპოზიციას შორის.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს.

კენჭისყრა ფარულია, შესაბამისად ცნობილი არაა თუ რომელმა დეპუტატებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა აღნიშნულ კანდიდატებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამი კანდიდატის დამტკიცების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს, რის გამოც სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

საუბარია 5 ოპოზიციონერ დეპუტატზე, რომლებმაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ხმა მისცეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. 90 დეპუტატი კი არც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაშია („ევროპელი სოციალისტების“ დამატებით) და არც ოპოზიციაში.

საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევად თავდაპირველად 32 კანდიდატი წარუდგინეს. მოგვიანებით ორმა მათგანმა, გიორგი ბურჯანაძემ და ანა აბაშიძემ კანდიდატურები მოხსნეს. თუმცა კონკურსში არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ნაწილი ისევ მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი