საზოგადოება

იუსტიციის საბჭოს 3 წევრი ოპოზიციის ფარული ხმებითაც აირჩიეს

17 მაისი, 2023 • 1256
იუსტიციის საბჭოს 3 წევრი ოპოზიციის ფარული ხმებითაც აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების 5 ვაკანტურ ადგილზე 3 წევრი დაამტკიცა.

ტრისტან ბენაშვილს და ზურაბ გურასპაშვილს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავას კი — 91-მა დეპუტატმა რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმაც მიიღეს, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.

კენჭისყრა ფარულია, შესაბამისად ცნობილი არაა თუ რომელმა დეპუტატებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა აღნიშნულ კანდიდატებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამი კანდიდატის დამტკიცების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს, რის გამოც სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

საუბარია 5 ოპოზიციონერ დეპუტატზე, რომლებმაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ხმა მისცეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. 90 დეპუტატი კი არც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაშია („ევროპელი სოციალისტების“ დამატებით) და არც ოპოზიციაში.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია, „ევროპელი სოციალისტები“ კი პარლამენტში 4 დეპუტატით არიან წარმოდგენილი. ამრიგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა სჭირდებოდათ.

გამოდის, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და “ევროპელი სოციალისტების” გარდა “ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ხმა 5-მა ოპოზიციონერმა მისცა.

კენჭისყრაში მონაწილეობას უარყოფენ „გირჩი-ს“ წევრები. პარტიის დეპუტატები ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებისთვის ხმა არც მათ 3 დეპუტატს და არც პარტია „მოქალაქეების“ ორ დეპუტატს: ალეკო ელისაშვილსა და ქეთი თურაზაშვილს არ მიუციათ.  იგივე უთხრა ნეტგაზეთს ქეთი თურაზაშვილმაც, რომ მას და ალექსანდრე ელისაშვილს “ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატებისთვის ხმა არ მიუციათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების განაცხადების მიღება პარლამენტმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაასრულა. „ქართული ოცნება“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევას დეკემბერში გეგმავდა, თუმცა იმის გამო, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ შედგა, საკითხი გადაიდო. 15 მაისს კი „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა, რომ მათთვის მისაღები კანდიდატები დღეს დღის განმავლობაში დაესახელებინათ. „ქართული ოცნების“ შეთავაზებას ოპოზიცია ულტიმატუმად აფასებდა და უმრავლესობას კონსულტაციების გაგრძელებას სთავაზობდა.

საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევად თავდაპირველად 32 კანდიდატი წარუდგინეს. მოგვიანებით ორმა მათგანმა, გიორგი ბურჯანაძემ და ანა აბაშიძემ კანდიდატურები მოხსნეს. თუმცა კონკურსში არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ნაწილი ისევ მონაწილეობს.

ვინ არიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული კანდიდატები

  • ტრისტან ბენაშვილი – სამართლის დარგის სპეციალისტი. წარმდგენი — აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია;
  • ზურაბ გურასპაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი. წარმდგენი- ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება; ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი.
  • გიორგი გზობავა – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. წარმდგენი- ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია.

მეორე ტურში გადასული კანდიდატები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ 2 ვაკანტურ ადგილზე ბრძოლას 4 კანდიდატი გააგრძელებს, რომლებმაც დღეს ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ აიღეს, თუმცა სხვებთან შეადრებით ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ.

  • რუსუდან კვინიკაძე – 89 ხმით
  • გოგა კიკალაშილი – 89 ხმით
  • ლევან ნემსაძე – 88 ხმით
  • ნინო ნიშნიანიძე – 87 ხმით

მათ საკითხზე კენჭისყრა მოგვიანებით გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი