ახალი ამბები

„დადებითი გადაწყვეტილებაა, პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას“ — გავრილოვი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

10 მაისი, 2023 • 1284
„დადებითი გადაწყვეტილებაა, პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას“ — გავრილოვი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესასვლელად სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

რუსი დეპუტატი, რომლის ვიზიტსაც უკავშირდება 2019 წელს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების გაუქმება, ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას თავადაც გეგმავს:

„მივიჩნევ, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდხანს ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით. ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების გამყარებას, ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ რუსეთის პრეზიდენტს, რომ მოხსნილიყო ყველა არსებული ბარიერი, მით უმეტეს, რომ საქართველოს არ აქვს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთან.

ვისაც არ უნდა რუსეთში ჩამოსვლა, შეუძლია, არ ჩამოვიდეს. მე არ ვიცი, იცოდა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ელოდებოდა ამ გადაწყვეტილებას. პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას, შესაძლოა, ეს არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ საქართველოში ჩემი ბევრი ნათესავია დაკრძალული. არ ვიცი, შემომიშვებენ თუ არა საქართველოში, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ხელისუფლებაზე“ ,— ამბობს სერგეი გავრილოვი „მთავარ არხთან“ საუბრისას (თარგმანი „მთავარი არხი“).

ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა.

სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ბათილადაა ცნობილი პუტინის ბრძანება შეზღუდვის შესახებ.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიაკომპანიები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღსადგენად ემზადებიან.

უწყებაში ამბობენ, რომ რუსული ავიაკომპანიები, რუსული წარმოების თვითმფრინავებით, მოსკოვი-თბილისი/თბილისი-მოსკოვის რეისებს კვირაში 7-ჯერ შეასრულებენ.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოთავსებას პროტესტი მოჰყვა.

ბოლო დროს რუსული მხარე აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე. მმართველ პარტიაში მოვლენათა ასეთ განვითარებას მიესალმებოდნენ, თუმცა წინააღმდეგი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი