ახალი ამბები

რუსეთის გადაწყვეტილება იყო, მაგრამ საქართველოს თანხმობას საჭიროებდა — ჰერჩინსკი ფრენების აღდგენაზე

29 მაისი, 2023 • 1348
რუსეთის გადაწყვეტილება იყო, მაგრამ საქართველოს თანხმობას საჭიროებდა — ჰერჩინსკი ფრენების აღდგენაზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა.

ჰერჩინსკის თქმით, ვიცე-პრემიერთან „ძალიან ღია და გულწრფელი“ საუბარი შედგა.

„მე დამევალა, გადამეცა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის პოზიცია, რომელიც შეთანხმებულია ევროკავშირის 27 ქვეყნის დედაქალაქსა და ბრიუსელში. თბილისში მყოფი ყველა ელჩი იმყოფებოდა ჩემთან ერთად. ჩვენ გადავეცით [ვიცე-პრემიერს], რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, დასთანხმდებოდა რუსეთთან პირდაპირ ფრენებს.

ეს გადაწყვეტილება ეწინააღმეგება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ერთსულოვან გადაწყვეტილებას, არ ჰქონდეს პირდაპირი ფრენა რუსეთთან და არ დაუშვას რუსული თვითმფრინავების ფრენა ევროკაშირის ცის გავლით. ასევე, გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყევტილებას რუსეთის იზოლაციისა და მასზე ზეწოლის შესახებ, რათა შევცვალოთ რუსეთის ქცევა“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფრენები თავის დროზე რუსეთმა ერთპიროვნულად გააუქმა და ერპიროვნულად აღადგინა და ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას როლი არ აქვს.

„მართალია, რომ ეს იყო რუსეთის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ასევე მოითხოვდა თანხმობას საქართველოს მთავრობისგან“, — თქვა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, ლევან დავითაშვილის არგუმენტი იგივე იყო, რაც მანამდე მოგვისმენია საქართველოს მთავრობისგან — რომ სანქცირებული ავიაკომპანიები საქართველოში არ იფრენენ.

„სამწუხაროდ, აქ გამოტოვებულია პოლიტიკური მომენტი, რომ ევროკავშირმა აკრძალა ყველა ავიაკომპანიის ნებისმიერი ფრენა ევროკავშირსა და მისი გავლით“, — დასძინა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი