კომენტარი

„უარყოფითად იმოქმედებს EU-ს სტატუსის მიღებაზე“ — გიგიაძე რუსეთთან ფრენებსა და უვიზოზე

10 მაისი, 2023 • 930
„უარყოფითად იმოქმედებს EU-ს სტატუსის მიღებაზე“ — გიგიაძე რუსეთთან ფრენებსა და უვიზოზე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი , საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება, ისევე როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, უარყოფითად იმოქმედებს წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბრისას გიგიაძე აღნიშნავს, რუსეთის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მოსკოვის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის დადებითად შეფასებაა:

„ეს არის, ასე ვთქვათ, დაფასება. ჩვენ ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე ვისმენთ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ მაქებარ გზავნილებს საქართველოს ხელისუფლებისადმი მათი ე.წ. ბრძნული პოლიტიკისადმი რუსეთთან მიმართებით და ეს ნაბიჯი შეიძლება ჩავთვალოთ გარკვეული სახის კულმინაციად“, — ამბობს გიგიაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

გიგი გიგიაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსული ავიაკომპანიები დაიწყებენ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას, ეს პირდაპირ იქნება განხილული როგორც რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების დარღვევა და ყველა ქართული კომპანია, რომელიც მათ გარკვეულ მომსახურებას გაუწევენ, ანალოგიური სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან:

„ვფიქრობ, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, ვინაიდან, თუ რუსული ავიაგადამზიდები დაიწყებენ ფრენას საქართველოს მიმართულებით, ჩვენ ვიცით, რომ ისინი სანქცირებული არიან ევროკავშირის და დასავლეთის მიერ და, შესაბამისად, ის ქართული კომპანიები, რომლებიც მათ მოემსახურებიან ან გაუწევენ გარკვეულ სერვისებს, აღმოჩნდებიან იმავე სანქციების ქვეშ.

გარდა ამისა, ამ საკითხზე რამდენიმე თვის წინაც იყო საუბარი, ჩვენ მაშინ მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პოზიცია, რომ ისინი ფაქტობრივად მიესალმებიან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს და ვერაფერს ცუდს ამაში ვერ ხედავდნენ, ხოლო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, ვფიქრობ, რომ ეს იქნება გარკვეული წითელი ხაზის გადაკვეთა, ვინაიდან, როგორც უკვე ვახსენე, რუსული ავიაგადამზიდები და ავიაკომპანიები არიან სანქციების ქვეშ და მათი ფრენების დაწყება საქართველოს მიმართულებით ძალიან ნეგატიურად აისახება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, — აცხადებს გიგი გიგიაძე.

ყოფილი ელჩის თქმით, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს, რომ პირდაპირი რეისები ქართულმა ავიაკომპანიებმა შეასრულონ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაბიჯს ნეგატიური შეფასება ექნება საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან და უარყოფითად იმოქმედებს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე:

“რა დამოკიდებულება ექნება ევროკავშირს იმ შემთხვევაში, თუ ქართული ავიაკომპანიები დაიწყებენ რუსეთში ფრენას, ეს დროში უნდა ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ამას ნეგატიური შეფასება ექნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რადგან მათი პოზიცია ჩვენთვის ცნობილია: ისინი მაქსიმალურად ცდილობენ აგრესორ ქვეყანასთან დისტანცირებას და მისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე უარს ამბობენ.

აქედან გამომდინარე, თუ საქართველო რაიმე ფორმით მოახერხებს და აღადგენს პირდაპირ ფრენებს რუსეთთან, ჩემი აზრით, ამას ვერაფრით ვერ მოჰყვება დადებითი შეფასება ევროკავშირის მხრიდან, განსაკუთრებით ამ დროს, როცა რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ გრძელდება. ფაქტობრივად, რეალობა არ შეცვლილა, ისინი არ განიხილავენ უკრაინის ტერიტორიის დატოვებას. საბოლოო ჯამში, ეს უარყოფითად იმოქმედებს საქართველოსთვის წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე“, – აღნიშნავს გიგი გიგიაძე.


ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა.

სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ბათილადაა ცნობილი პუტინის ბრძანება შეზღუდვის შესახებ.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიაკომპანიები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღსადგენად ემზადებიან.

უწყებაში ამბობენ, რომ რუსული ავიაკომპანიები, რუსული წარმოების თვითმფრინავებით, მოსკოვი-თბილისი/თბილისი-მოსკოვის რეისებს კვირაში 7-ჯერ შეასრულებენ.

საქართველოსთან პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაჯდომამ პროტესტი გამოიწვია.

ბოლო დროს რუსული მხარე აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე. მმართველ პარტიაში მოვლენათა ასეთ განვითარებას მიესალმებოდნენ, თუმცა წინააღმდეგი იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი