ახალი ამბები

თუ ფრენები აღდგება, ეს მხოლოდ მისასალმებელია — კობახიძე ლავროვის განცხადებაზე

19 იანვარი, 2023 • 1843
თუ ფრენები აღდგება, ეს მხოლოდ მისასალმებელია — კობახიძე ლავროვის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შეამსუბუქებდა, რაც მისასალმებელია.

ამის შესახებ კობახიძემ „იმედის“ ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებების, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების შექების და აქედან გამომდინარე „ოცნების“ ოპონენტების კრიტიკის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენთვის მთავარი არ არის გარე შეფასებები — ბევრი გვესმის ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, მესამე მხრიდან… მთავარია არა შეფასება, არამედ რეალობა. რეალობა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ერთადერთი მიზნით — ეს არის საქართველოს ინტერესების გატარება. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოსავალი წერტილი და არა ის, თუ ვინ როგორ შეგვაფასებს — იქნება ეს ჩრდილოეთი, დასავლეთი, სამხრეთი თუ აღმოსავლეთი. ეს მოკლე კომენტარი შეიძლება გავაკეთო პირველ თემაზე“, — განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას, კობახიძის თქმით, ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ ძალიან გაურთულა პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი, რაც შეიძლება გავაკეთოთ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.


რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდანაა შეწყვეტილი. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა – 20-21 ივნისის დემონსტრაციების შემდეგ.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა უკავშირდება საქართველოში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. 20 ივნისს კი თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.

„შესაბამისი წინაპირობების“ შემთხვევაში თბილისთან ფრენების შესაძლო აღდგენაზე მოსკოვი პერიოდულად საუბრობს.

ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას ვაჟკაცობას უწონებს

მასალების გადაბეჭდვის წესი