საზოგადოება

პუტინი: სრულიად გაგიჟდნენ? გაუგებარია საქართველოში რა ხდება…

26 მაისი, 2023 • 2652
პუტინი: სრულიად გაგიჟდნენ? გაუგებარია საქართველოში რა ხდება…

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების საპასუხოდ საქართველოდან მადლობას ელოდა და არა გაუგებარ “აურზაურს”.

“გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის რეაქცია, რომელიც ამას [სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ფრენების აღდგენას] მოჰყვა. მე ვფიქრობდი ყველა [საქართველოში] იტყოდა: “კარგით, მადლობა”. არა, იქ [საქართველოში] სრულიად გაუგებარი აურზაური მოჰყვა ამ საკითხს”, – განაცხადა პუტინმა კონფერენციაზე სახელწოდებით “საქმიანი რუსეთი”.

“ძალიან უცნაური და სიმართლე გითხრათ, მოულოდნელია. ფიქრობ: სრულიად გაგიჟდნენ? გაუგებარია იქ [საქართველოში] რა ხდება…”, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მან პირადად მიიღო სხვა კოლეგების აზრის გათვალისწინების გარეშე და ეს იყო შემხვედრი ნაბიჯი თბილისის პოზიციებთან.

“მე მეჩვენებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცალსახად აყენებდა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ნორმალური ავიაფრენების აღდგენის საკითხს და ჩვენ ეს შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით…

“…ის რაც საქართველოს შიგნით ხდება, ეს ჩვენი საქმე არაა, დაე, იქ ხალხმა თავად გადაწყვიტოს რა გზით უნდა იაროს საქართველომ და როგორ განვითარდეს”, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი მზადაა, თუმცა თბილისთან ურთიერთობების საკითხი დამოკიდებულია ქართული მხარის რეაქციაზე.

“ჩვენ მზად ვართ გავიაროთ გზის ჩვენი ნაწილი. ვდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს და ამას შემდგომშიც გავაკეთებთ, რაც დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების რეაგირებაზე”, – განაცხადა მან.

“ეს [ფრენები] რომ ბიზნესს ხელს შეუწყობდა, ეჭვი არასდროს მეპარებოდა”, – განაცხადა პუტინმა რუსული სამთავრობო მედიის ცნობით.

“მინდოდა მხარი დამეჭირა იმ ადამიანებისთვის საქართველოში, რომლებიც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აგებას ცდილობენ და ჩვენი ბიზნესისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ საქართველო და სურთ იქ წასვლა, დასვენება, ქართულ ამინდთან, კულტურასთან, სამზარეულოსთან შეხება”, – განაცხადა პუტინმა კონფერენციაზე სახელწოდებით “საქმიანი რუსეთი”.


რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი