საზოგადოება

არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! — ზურაბიშვილი

20 იანვარი, 2023 • 1571
არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის წინააღმდეგია. შესაბამის განცხადებას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!

იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით – საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.

ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ „გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის.

ამის დაშვება დაუშვებელია!

ამის მაგივრად, როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი – სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია.

გვჭირდება რეგულაციები – სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში.

ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს – საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ!

ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!” — წერს პრეზიდენტი.

ლავროვის განცხადება და თბილისის რეაქცია

18 იანვარს, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“ შეაქო:

„საქართველოს უნარი, გაუძლოს ზეწოლას დასავლეთისგან, რომელიც ღიად მოითხოვს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას, პატივისცემას იწვევს“, — განაცხადა ლავროვმა და დაამატა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი აქვს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა ცუდი არ იქნებოდა:

მასალების გადაბეჭდვის წესი