საზოგადოება

„ძალადობას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება“ — სახელმწიფო დეპარტამენტი 5 ივლისზე

28 თებერვალი, 2023 • 2582
„ძალადობას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება“ — სახელმწიფო დეპარტამენტი 5 ივლისზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ მორიგ ანგარიშში, სადაც საქართველოცაა მიმოხილული, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები მოხვდა.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობას წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც ღარიბაშვილმა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას „მიუღებელი“ უწოდა. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო არეულობის კონტროლი, ძალადობის ორგანიზატორები კი ამ დრომდე არ არიან გამოვლენილი:

„2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე იძალადეს. ამ ჯგუფებმა ასევე დაარბიეს ოპოზიციის პროტესტის ადგილი პარლამენტის წინ და პარლამენტის შტურმს შეეცადნენ. ისინი თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ლგბტქი+ აქტივისტები გრძნობდნენ, რომ იდევნებოდნენ, რადგანაც ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა მათი ადგილსამყოფელი იპოვეს. ეს მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც პრემიერ-მინისტრმა „თბილისი პრაიდის“ დაგეგმილ ღონისძიებას „მიუღებელი“ უწოდა. დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო არეულობის კონტროლი. მიუხედავად 28 ადამიანის დაკავებისა, ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები და ორგანიზატორები პასუხისგებაში არ არიან მიცემული“, — ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ ნაწილი გაასაჯაროა. დასკვნის გასაჯაროებული ნაწილის მიხედვით, ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება გახდა. ნარკოტიკული ზედოზირება ლაშქარავას საქმეზე გამოძიების ის ვერსია იყო, რომელზეც შსს ოპერატორის დაღუპვის დღიდან მიანიშნებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი