ახალი ამბები

ტელევიზიებისადმი ნდობის რეიტინგი NDI-ს კვლევის მიხედვით

3 მაისი, 2023 • 10239
ტელევიზიებისადმი ნდობის რეიტინგი NDI-ს კვლევის მიხედვით

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არცერთ ტელეარხს არ ენდობა.

2023 წლის მარტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 51% აცხადებს, რომ პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად არცერთ ტელეარხს არ ენდობა.

ამის შემდეგ, გამოკითხვაში პირველ ადგილზეა ტელეკომპანია „იმედი“, რომლის მიმართ ნდობაც გამოკითხულთა 18%-მა დააფიქსირა, „მთავარ არხს“ კი კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 8% ენდობა. გამოკითხვის მიხედვით, „რუსთავი 2-ს“ ენდობა გამოკითხულთა 5%, „ტელეკომპანია პირველს“ და საზოგადოებრივ მაუწყებელს კი — 3-3%.

ამასთან, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არცერთ არხს არ ენდობა. კერძოდ, 2019 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 20% იყო იმ პირთა რიცხვი, ვინც აცხადებდა, რომ არცერთ არხს არ ენდობოდა, მაშინ როცა 2023 წლის მარტის გამოკითხვაში ამგვარი პასუხი გამოკითხულთა 51%-მა დააფიქსირა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდები ტელევიზიების მიმართ უნდობლობით გამოირჩევიან, ხოლო 55 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა უპირატესობას ტელეკომპანია „იმედს“ ანიჭებს. კვლევის მიხედვით, 18-34 ასაკობრივ კატეგორიაში გამოკითხულთა 73%-მა განაცხადა, რომ არცერთ ტელეარხს არ ენდობა.

ამასთან, კვლევაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 55% აცხადებდა, რომ ტელეკომპანია „იმედს“ ენდობოდა, 27% კი ამბობდა, რომ არცერთ ტელეარხს არ მიიჩნევდა სანდოდ.


კვლევის შედეგები ეფუძნება 2023 წლის მარტის სატელეფონო გამოკითხვას. კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში ჩატარდა და მოიცავს 1 032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ს შეადგენს (ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი