ოპოზიციამ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტს 50 დეპუტატის ხელმოწერა გადასცა.
„ჩვენ მომსწრენი ვართ უპრეცედენტო ადმინისტრაციული ძალადობის — ამ [კენჭსაყრელი საკითხების] სიაში კვლავ არ არის საგამოძიებო კომისიის საკითხი“, — განაცხადა „ლელოს“ წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და უმრავლესობას შეახსენა, რომ კონსტიტუცია 50 დეპუტატს აძლევს უფლებას, გადაწყვიტოს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი და ამის ხელშეშლა „ქართული ოცნების“ მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაა და საქართველოს საპარლამენტო პრაქტიკისთვისაც კი უპრეცედენტო ადმინისტრაციული ძალადობაა.
მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, დეპუტატებმა ხელმოწერები შეაგროვეს. ასევე, დააანონსეს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, თუ „ქართული ოცნება“ განაგრძობს კონსტიტუციით ოპოზიციისთვის განკუთვნილი უფლებამოსილების უგულებელყოფას.
„ჩვენ გაახლებთ 50 პარლამენტის წევრის ხელმოწერას, ანუ ხელმოწერით ვადასტურებთ ჩვენს ნებას და გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ შეიქმნას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო კომისია. ამ ჩვენი ნების გამოვლენით მოგმართავთ, გააგრძელოთ საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცედურები. თუ ესეც არ არის საკმარისი, მაშინ შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში და აუცილებლად შევხვდებით უკვე საგამოძიებო კომისიაში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ამ პარლამენტში თუ არა, შემდეგ პარლამენტში. იმისთვის, რომ ყველაფერთან ერთად რაც ხდება მართლმსაჯულება, გამოძიებული იყოს ისიც, რაც მოხდა ამ დღეებში პარლამენტში მაშინ, როდესაც არა მარტო დღის წესრიგიდან წაშალეთ ჩვენი საკითხი, არამედ კონსტიტუცია წაშალეთ. ამის პატიება არ შეიძლება“, — განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.
„თუ არ ვცდები, საბავშვო კონსტიტუციაა, რაც გიჭირავთ ხელში. თქვენს მანდატს უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით, ვიდრე საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, ვფიქრობ, თქვენც მიხვდებით, სად უნდა იდგეთ და თქვენი კოლეგებიც მიხვდებიან“, — თქვა პაპუაშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა შეუძლია 50 დეპუტატს. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც ოპოზიციის ინიციატივაა, პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელ საკითხებში აღარ იქნება.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს, პარლამენტში ოპოზიციის მიერაა ინიციირებული. თუმცა კომისიის შექმნას „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. ამიტომ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭისყრა სამჯერ ჩაშალეს.
კერძოდ, იმისათვის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, პარლამენტში კენჭისყრა უნდა გაიმართოს და საკითხს მხარი, მინიმუმ, 50-მა დეპუტატმა დაუჭიროს. კენჭისყრამდე კი საჭიროა სხდომაზე, სადაც მას კენჭი ეყრება, კვორუმი შედგეს, რომლისთვისაც რეგისტრაცია, მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა უნდა გაიაროს.
თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში 76 დეპუტატი არაა. ამით სარგებლობდა საპარლამენტო უმრავლესობა და იმისათვის, რომ კომისია არ შექმნილიყო, კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობდა და, შესაბამისად, საჭირო კვორუმი არ იკრიბებოდა და კომისიის შექმნას კენჭი ვერ ეყრებოდა.