ახალი ამბები

ენმ შოვში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

9 აგვისტო, 2023 • 2463
ენმ შოვში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შოვში მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ამის შესახებ ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ დღეს, 9 აგვისტოს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დღეს, როდესაც მსხვერპლი დღითიდღე იზრდება, ორი მთავარი კითხვა არსებობს: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

„ოცნების“ ხელისუფლება, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი პირადად, მრავალი წელი საზოგადოებას ჰპირდებოდა მონიტორინგის სისტემის დანერგვას.
ჯერ კიდევ 2014 წლის საქართველოს სოციალურ ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების დანერგვა. იგივე მიზანი ფიგურირებს სხვა ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტებშიც.

მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის 70 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი პარტნიორებისგან; სისტემის დანერგვა პრიორიტეტად არის გამოყოფილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც, მაგრამ ვხედავთ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა დღემდე არ არის შექმნილი და ბიუჯეტით გაწერილი პროგრამა არ არის განხორციელებული.

მეტიც, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ახლა ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერია და 5 წლის წინ ამტკიცებდა მონიტორინგის სისტემის აუცილებლობას, დღეს ამბობს, რომ „მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს“, და ამით გაფრთხილების სისტემის არარსებობას და შესაძლო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ამართლებს.

ბიუჯეტის ხარჯების შესაძლო გაფლანგვა, შესაბამისი თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მონიტორინგის სისტემის დანერგვის ჩავარდნა პირდაპირი საფუძველია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის.

აღნიშნული ინიციატივით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფები, ისევე როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. ჩვენ, მათ შორის, ამ მოსაზრებების გათვალისწინებით და იმ ფონზე, როდესაც ნულოვანია ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საპარლამენტო საგამოძიებო კომიიის შექმნა შოვში მომხდარი სტიქიის ირგვლივ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიამ ასევე უნდა შეისწავლოს სტიქიაზე სახელმწიფოს რეაგირების ადეკვატურობა და ეფექტურობა. პასუხისმგებელმა პირებმა საგამოძიებო კომისიას და საზოგადოებას უნდა განუმარტონ:

„რამდენად დროული და ოპერატიული იყო სტიქიის პირველ საათებში სახელწმიფო უწყებების რეაგირება. გუშინ მოვისმინოთ ამორალური გამართლება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, ვციტირებ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, „ვინც იქ უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა, ძებნას 15 წუთში დავიწყებდით თუ 1 საათში, ამას რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა“, მაშინ როდესაც გადარჩენილი ადამიანები ირწმუნებიან, რომ ყოველ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა გადარჩენისთვის. სარჯველაძის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ადამიანები სიკვდილისთვის გაწირა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, დამატებითი კითხვები, რომელსაც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა გაეცეს პასუხი, არის:

  • რატომ არ შეიძინა სახელმწიფომ 11 წლის განმავლობაში შესაბამისი სამაშველო ვერტმფრენები; მათ შორის, რატომ თქვა უარი სახელმწიფომ გრანტის სახით გამოყოფილ სამაშველო ვერტმფრენებზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვაწვდიდა;
    რატომ არ გააჩნია შესაბამის სამაშველო სამსახურს თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობა;
  • ამ პირობებში, რატომ არ სთხოვა ხელისუფლებამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს;
  • რატომ არ ჩაერთო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთი კატასტროფების დროს საათში ერთხელ ახდენს შესაბამისი პირი საზოგადოების ინფორმირებას.

ბოკუჩავას თქმით, საგამოძიებო კომისიასთან ერთად ენმ სხვა საპარლამენტო ბერკეტებსაც მიმართავს  და სთხოვს ყველა ოპოზიციურ პარტიას, ერთობლივი ძალისხმევით მოითხოვონ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, რათა მომავალში ქვეყანა უფრო მომზადებული შეხვდეს მსგავს კატასტროფას და შეძლოს ადამიანური დანაკარგის მინიმუმამდე შემცირება.

გუშინ, 8 აგვისტოს, შოვში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემაც.

„აჩვენებს ოპოზიციის მოუმწიფებლობას“ – პაპუაშვილი

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ოპოზიციის მოთხოვნას უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის „მოუმწიფებლობას“.

„ყველა ინფორმაცია, თუ კი რაიმე საინტერესო არის ვინმესთვის პარლამენტში, ყველა ინფორმაცია არის საჯარო და ამ დღეებში ქვეყნდებოდა კიდევაც, არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ არის.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის ზოგადად მოუმწიფებლობას, ვხედავთ, რომ როგორც კი დაინახავენ რაღაც თემას, რომელზეც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, ეგრევე აყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, შემდეგ ავიწყდებათ ხოლმე ამ კომისიის იდეა და არც გამოაქვთ პლენარულ სხდომაზე და ასე შემდეგ,  არასერიოზულია. კიდევ ერთხელ თქვან, რა ინფორმაცია სჭირდებათ და მათ არ აქვთ, სადეპუტატო შეკითხვით იქნება თუ სხვანაირად, ამ ინფორმაციას მიიღებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 21 გარდაცვლილის შესახებ, 12 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი