ახალი ამბები

“ხმაში” არ გამორიცხავენ, რომ 1 მაისს დაკავებულებს ბრალი სსკ-ის მუხლითაც წარუდგინონ

2 მაისი, 2023 • 895
“ხმაში” არ გამორიცხავენ, რომ 1 მაისს დაკავებულებს ბრალი სსკ-ის მუხლითაც წარუდგინონ

საპირველმაისო მსვლელობაზე დაკავებული ერთი პირი ამ დრომდე გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ინფორმაცია ამის შეასხებ „ნეტგაზეთს“ მიაწოდეს მოძრაობა „ხმაში“.

ორგანიზაციის ცნობით, ჯამში, 1 მაისს გამართულ აქციაზე მოძრაობის სამი წევრი დააკავეს, რომელთაგან ორი, აკაკი ჩიქობავა და გიორიგ ხასაია, გუშინ ღამითვე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ერთი დაკავებული დიტო ჩანგელია კი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

როგორც იურისტი ვაკო ნაცვლიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, ჩანგელიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ნაცვლიშვილის თქმით, დაკავებულის გორში გადაყვანის საჭიროება შსს-მ იმით ახსნა, რომ მათი თქმით, თბილისში მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადგილი არ იყო.

რაც შეეხება გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას, უწყება მათ ედავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ამასთან, ვაკო ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ორივე დაკავებული მოწმის სტატუსით დაიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზეა აღძრული.

შესაბამისად, აქტივისტები აცხადებენ, რომ არსებობს მოლოდინი, შსს არ დასჯერდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ წარმოებას და დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსითაც წაუყენოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით  „ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.


1 მაისი მშრომელთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეა. მემარცხენე მოძრაობებმა და პროფესიულმა გაერთიანებებმა თბილისის სხვადასხვა უბანში აქცია/მსვლელობები გამართეს.

,,ხმისა’’ და ,,მაისის სტუდნეტური მოძრაობის’’ ორგანიზებული მსვლელობა დღეს, 15.00 სათზე ფილარმონიიდან დაიწყო. ისინი ლიბერთი ბანკისაგან საპენსიო სესხები ჩამოწერას ითხოვენ.

მოძრაობა „ხმისა“ და „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციაზე აქტივისტებმა „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისს საღებავები შეასხეს, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დააკავეს გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა. ლიბერთი ბანკთან დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭრად, ვაკის პოლიციასთან შეკრებილებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი შეხლა-შემოხლა მოხდა,  რომლის შედეგადაც დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი დიტო ჩანგელია.

საპენსიო სესხი საქართველოში სტანდარტულთან შედარებით პენსიონერებისთვის უფრო მაღალ პროცენტში გაიცემა. შარშან მთავრობამ საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი 26% -ზე დააწესა. მანამდე პენსიით აღებულ სესხში პენსიონერები 30 პროცენტზე მეტსაც იხდიდნენ. სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

მომიტინგეების მთავარი საპირველმაისო მოთხოვნები იყო შემდეგი:

  • მინიმალური ხელფასი ყველა მშრომელისთვის და პროგრესული გადასახადი მდიდრებისთვის
  • უფასო საკვები სკოლებს
  • ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს, ღირსეული საცხოვრებელი ყველას
  • ანაზღაურებადი დეკრეტი ქალებისთვის
  • საპენსიო სესხების ჩამოწერა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი