ახალი ამბები

აქტივისტებმა „ლიბერთი ბანკის“ ფილიალს საღებავები შეასხეს

1 მაისი, 2023 • 1848
აქტივისტებმა „ლიბერთი ბანკის“ ფილიალს საღებავები შეასხეს

მოძრაობა „ხმისა“ და „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციაზე აქტივისტებმა „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისს საღებავები შეასხეს, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დააკავეს გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა.

აქცია საპირველმაისო მსვლელობის ფარგლებში იმართებოდა. მოძრაობა „ხმის“ წევრები მელიქიშვილის გამზირზე იყვნენ შეკრებილი, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე, „ლიბერთი ბანკის“ ოფისთან გადაინაცვლეს:

„ლიბერთი ბანკს დავალიანებული ჰყავს დაახლოებით 200 000 ქართველი. ლიბერთი ბანკი ავალიანებს ყველაზე უფრო ღარიბ, დაუცველ მოქალაქეებს და სესხს აძლევს 27%-ად. ეს არ არის ჩვეულებრივი საბანკო სისტემა, რომელსაც „ლიბერთი ბანკი გვთავაზობს“. ეს სისტემა აგებულია პენსიონერების მოტყუებაზე“, — ამბობენ აქციის მონაწილეები.

საპენსიო სესხი საქართველოში სტანდარტულთან შედარებით პენსიონერებისთვის უფრო მაღალ პროცენტში გაიცემა. შარშან მთავრობამ საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი 26% -ზე დააწესა.

მანამდე პენსიით აღებულ სესხში პენსიონერები 30 პროცენტზე მეტსაც იხდიდნენ. სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი