საზოგადოება

აღსრულების მანქანის დაზიანების საქმეზე დაკავებულები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა არიან

23 იანვარი, 2024 • 1274
აღსრულების მანქანის დაზიანების საქმეზე დაკავებულები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა არიან

გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულები არიან მოძრაობა „ხმის“ აქტივისტები, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია თავად ავრცელებს:

„სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, პოლიცია მათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება- კერძოდ, აღსრულების პოლიციის ფანჯრის ჩამსხვრევას – და მათ მიმართ 3-დან 6 წლამდე პატიმრობით იმუქრება. გიორგი და კაკო ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან. კაკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის. გიორგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.

ჩვენ, მოძრაობა ხმა, განცხადებების გავრცელებით არ შემოვიფარგლებით, თუ ჩვენი ორივე წევრი არ გათავისუფლდება და მათ მიმართ დევნა არ შეწყდება. ისეთ ადგილებში დაგარტყამთ, სადაც ჯერ არ მოგხვედრიათ“, — ნათქვამია მოძრაობა „ხმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.

უწყების ცნობით, 18 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი- სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.

მთავარი ფოტო: 2023 წლის 1 მაისის აქციიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი