ყოფილი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მიუღებელია პარლამენტის მიერ კონსტიტუციური მოვალეობების შეუსრულებლობა.
„წარმოუდგენელია ის, რაც პარლამენტში ხდება“, — ასე ეხმაურება ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ზედიზედ მეორედ კვორუმის მიზანმიმართულად ჩაგდებას, რათა სასამართლოში არსებულ ვითარებაზე საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას.
„კონსტიტუცია აძლევს უფლებას 50 დეპუტატს, შექმნას საგამოძიებო კომისია და ამ უფლების რეალიზაციისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია! სამართლებრივ სახელმწიფოში კონსტიტუცია უნდა სრულდებოდეს. პარლამენტი აღარ აპირებს თავისი კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებას? დაიშალეთ მაშინ. რამდენ ხანს არ შეიკრიბებით? ან შემდეგზე შუქი ჩააქრეთ, სახანძრო განგაში ჩართეთ… რა ვიცი, მილიონი რამის მოფიქრება შეიძლება“, — წერს ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.
თამარ ჩუგოშვილის აზრით, ხელისუფლება თვითონ უნდა ქმნიდეს კომისიას და იძიებდეს, რა კორუფციული ფაქტებია სასამართლო სისტემაში.
პარლამენტში ინიციირებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით.
კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები. ამ დროისთვის საპარლამენტო ოპოზიციას 56 დეპუტატი განეკუთვნება. მათ შორის არიან „ევროპელი სოციალისტებიც“, რომლებიც საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ და, როგორც წესი, საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციებს იზიარებენ.
18-19 აპრილის სხდომებზე კენჭისყრების დაწყებამდე „ქართულმა ოცნებამ“ რეგისტრაცია არ გაიარა და კვორუმი ხელოვნურად ჩააგდო, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭი ვერ ეყარათ.
როგორც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, ეს არის მმართველი გუნდის „სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“.
„ოცნებამ“ სასამართლოზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი ისევ შეუშალა