საზოგადოება

„ოცნებამ“ სასამართლოზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი ისევ შეუშალა

19 აპრილი, 2023 • 1325
„ოცნებამ“ სასამართლოზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი ისევ შეუშალა

დღეს, 19 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვორუმის არარსებობის გამო სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ისევ ვერ შედგა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი ოპოზიციაა, შესაბამისად, პლენარულ სხდომაზე მობილიზებული იყვნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, რათა კომისიის შექმნისთვის საჭირო 50 ხმა ჰქონოდათ.

თუმცა, ვინაიდან უმრავლესობის წევრები საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმებიან, იმისთვის, რომ კომისიის შექმნისთვის ხელი შეეშალათ, კენჭისყრამდე რეგისტრაცია, 18 აპრილის მსგავსად, ისევ არ გაიარეს და კენჭისყრის გასამართად საჭირო ქვორუმი – 76 დეპუტატი ვერ მოგროვდა. შესაბამისად, კენჭისყრაც აღარ შედგა.

ქვორუმის არარსებობის გამო სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა გუშინ, 18 აპრილსაც ვერ შედგა.

როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, ეს არის მმართველი გუნდის “სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ”.

რა არის დროებითი საგამოძიებო კომისია?

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით. კომისიის შექმნის საფუძველია:

  • ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
  • ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები. ამ დროისთვის პარლამენტში 56 ოპოზიციონერი დეპუტატია.


5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი