ახალი ამბები

„მანდატი არ ფარავს“ – ომბუდსმენი მოსამართლეთა სანქცირებას არ აფასებს

11 აპრილი, 2023 • 738
„მანდატი არ ფარავს“ – ომბუდსმენი მოსამართლეთა სანქცირებას არ აფასებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მისი მანდატი არ ფარავს ოთხი მოსამართლის აშშ-ის მიერ სანქცირების საკითხს.

თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში იოსელიანმა აღნიშნა, რომ სანქცირებული მოსამართლეებით გართულდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.

„ეს ის საკითხია, რასაც სახალხო დამცველის მანდატი არ ფარავს. შესაბამისად, ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ. შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, სანქცირებული მოსამართლეებით ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდება“.

სახალხო დამცველის თქმითვე, მნიშვნელოვანია სასამართლოში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ევროკავშირის რეკომენდაციის სრულყოფილი შესრულება.


მოსამართლეების სანქცირება

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს.  სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სანქცირებას „სრულიად გაუგებარს და მიუღებელს უწოდებს“. დარჩიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება გადაიხედება ან ბრალეულობის მტკიცებულებები გამოქვეყნდება. საპირისპირო შემთხვევაში, წერს დარჩიაშვილი, „საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა“.

გარდა ამისა, მხარდაჭერა სანქცირებულ მოსამართლეებს გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განაცხადა, რომ „მიუღებელია სუვერენულ სასამართლოში ჩარევა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი