ახალი ამბები

მიუღებელია სუვერენულ სასამართლოში ჩარევა — ღარიბაშვილი მოსამართლეთა სანქცირებაზე

10 აპრილი, 2023 • 1261
მიუღებელია სუვერენულ სასამართლოში ჩარევა — ღარიბაშვილი მოსამართლეთა სანქცირებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს სანქცირებულ მოსამართლეებს. ეს მისი პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა.

დღეს, 10 აპრილს, უზენაეს სასამართლოში ღარიბაშვილი  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. საბჭო დაკომპლექტებულია მოსამართლე და არამოსამართლე წევრებით, მათ შორის არის სანქცირებული ლევან მურუსიძე.

„ჩემი მთავარი გზავნილი: მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან – როგორც შიდა ჩარევებისგან, ასევე, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოსა და მოსამართლეებს“, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მოსამართლეებს დაუდასტურა სრული მხარდაჭერა და თქვა, რომ „გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა“ ზეწოლისგან. მან გაიმეორა, რომ მისთვის მიუღებელია სასამართლოში ჩარევა, იქნება ეს ხელისუფლების რომელიმე შტო თუ უცხო ქვეყანა.

5 აპრილს 4 მოსამართლე , მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და მათი ოჯახები, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოყვა – „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“. აღნიშნულთან დაკავშირებით ღარიბაშვილს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

სანქცირების შემდეგ არაერთმა მოსამართლემ მურუსიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. მათ შორის არის დიმიტრი გვრიტიშვილიც. სწორედ მან ითხოვა პრემიერთან შეხვედრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი