სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი მაკო არაბული წერს, რომ შვიდწლიანი საქმიანობის შემდეგ, რეორგანიზაციის საბაბით სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, საჯარო სამსახურში, ჯამში, 11 წელი მუშაობდა.
მაკო არაბული წერს, რომ ამ წლებმა მისცა დიდი გამოცდილება და შესაძლებლობა, ემუშავა ისეთ მწვავე პრობლემებზე, როგორიც არის, მაგალითად – ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები, უსახლკარო პირები, პატიმრები, სოციალურად დაუცველები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები, დევნილები, ორსული ქალების უფლებრივი მდგომარეობა, სასამართლო სისტემის პრობლემები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონმდებლობა და სხვა.
„მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურმა ამ 11 წლის განმავლობაში გარკვეული ინსტიტუციური განვითარების ეტაპები გაიარა და ნელ-ნელა ყალიბდებოდა მიდგომა, რომ საჯარო მოხელე ხალხისა და კონსტიტუციის წინაშეა ანგარიშვალდებული, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეს მცირე მონაპოვარიც ჩამოინგრა. ისევ დავბრუნდით საბჭოთა მენტალიტეტში, რომ საჯარო მოხელე არა ხალხის, არამედ მმართველი პარტიის ან ხელმძღვანელის წინაშეა ანგარიშვალდებული.
განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის აპარატშიც ნორმად იქცა ეს მიდგომა.კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც რეორგანიზაციის საბაბით მოხელეების უკონტროლოდ გათავისუფლება გახადა შესაძლებელი და რომლის არაკონსტიტუციურობაზეც მთელი აპარატი ერთსულოვნად თანხმდებოდა, დღეს სწორედ სახალხო დამცველი აღასრულებს ასე სანიმუშოდ“, – დაწერა მაკო არაბულმა სოციალურ ქსელში.
„ჩატარდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და ის სტრუქტურული ერთეული, სადაც რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, გაუქმდა. მარტო მას არ შეხებია, სხვებსაც შეეხო. რა ვიცი, ჩვეულებრივი ამბავია… მან უნდა თქვას, რაში გამოიხატება ეს მითითებებზე დაქვემდებარება, ხომ?! ჩემი ანგარიში, მე მგონი, საპირისპიროს მეტყველებს“, – ამბობს ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან.
საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს 2024 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.
კანონში შესული ცვლილებებით საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდა. მიღებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა, რომ რეორგანიზაციით დასაქმებულები სამსახურიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ.
