ახალი ამბები

ოპოზიციონერი დეპუტატები მედიის შემზღუდავი ბრძანების გაუქმებას ითხოვენ

7 აპრილი, 2023 • 814
ოპოზიციონერი დეპუტატები მედიის შემზღუდავი ბრძანების გაუქმებას ითხოვენ

ოპოზიციონერი დეპუტატები, ხატია დეკანოიძე და ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარისგან ითხოვენ მედიის შემზღუდავი ბრძანების გაუქმებას.

ხატია დეკანოიძე და ანა ნაცვლიშვილი ბრიფინგით გამოეხმაურნენ პარლამენტის მიერ კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტისა და 2 ოპერატორისთვის აკრედიტაციის შეჩერებას.

„საშიში ფაქტი მოხდა საქართველოს პარლამენტში — წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც უნდა იყოს დემოკრატიისთვის სამაგალითო. უმრავლესობისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმის გამო აკრედიტაცია შეუჩერდა „ფორმულას“, მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს. ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება. საქართველოს პარლამენტი გადაქცეულია ჩაკეტილ, ყველაზე უფრო გაუვალ სფეროდ, მათ შორის ჟურნალისტებისთვის. უმრავლესობის წარმომადგენლები, გარდა იმისა, რომ არ დადიან კრიტიკულ მედიაში, შერჩევით აძლევენ კომენტარს. ამ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება ნიშნავს, რომ მოქმედებს შერჩევის წესი, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის წესი, რომელიც ძალიან საშიშია თავისუფალი სიტყვისთვის“, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიცია არასდროს გამოუყენებია პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება ჟურნალისტების შეზღუდვისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებსაც მისდევენ ლიფტებთან და უსვამენ არაეთიკურ კითხვებს.

დეპუტატები ითხოვენ, დაუყოვნებლივ გაუქმდეს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება და დაუბრუნდეს აკრედიტაცია ჟურნალისტებს.

საქართველოს პარლამენტმა 6 აპრილს აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. 4 მათგანის შემთხვევაში საბაბი გახდა ის, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს ფოიეში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებზე კითხვები დაუსვეს. რაც შეეხება „ფორმულას“ ჟურნალისტს, დეპუტატებს ეკითხებოდა შალვა რამიშვილის შესახებ.

აკრედიტაციები შეუჩერეს „ტვ პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, ამავე არხის ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას, „მთავარი არხის“ ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას და „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს.

წერილში, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტიდან მიიღეს, ნათქვამია, რომ მათ დაარღვიეს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, არ ჩაწეროს ინტერვიუ პარლამენტის წევრთან, აპარატის თანამშრომელთან ან მოწვეულ პირთან, თუკი რესპონდენტი ამაზე უარს აცხადებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივით მიღებული მედიის შემზღუდავი ბრძანება 1 მარტიდან ამოქმედდა. ამ ბრძანების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში გამოცემას მხოლოდ სამი ჟურნალისტი შეუძლია ჰყავდეს და იმ შემთხვევაში, თუკი მათ აკრედიტაცია შეუჩერდებათ, მათი ჩანაცვლება შეუძლებელი იქნება.

პარლამენტმა კრიტიკული მედიის 3 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერა

მედიის შეზღუდვა პარლამენტში „ოცნების“ კომფორტისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი