საზოგადოება

მედიის შეზღუდვა პარლამენტში „ოცნების“ კომფორტისთვის

9 თებერვალი, 2023 • 1278
მედიის შეზღუდვა პარლამენტში „ოცნების“ კომფორტისთვის

ჟურნალისტების ნაწილი გეგმავს, სასამართლოში გაასაჩივროს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანება, რომელიც მედიას პარლამენტში მნიშვნელოვან შეზღუდვებს უწესებს.

„ქართული ოცნების“ მთავარი არგუმენტი საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს შექმნაა.

საპარლამენტო ჟურნალისტების თქმით, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა,  კითხვის დასასმელად პარლამენტის კედლებს შორის დეპუტატების დევნა არც მათთვისაა კომფორტული, თუმცა სხვა გამოსავალი არ აქვთ — მმართველი პარტიის დეპუტატები და თანამდებობის პირები მათთვის არასასურველ მედიასთან, ფაქტობრივად, არ თანამშრომლობენ, თავს არიდებენ კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემას, არ ატყობინებენ საჯარო ღონისძიებების ჩატარების დროსა და ადგილს.

რა შეზღუდვები უწესდებათ ჟურნალისტებს?

პარლამენტის თავმჯდომარის 6 თებერვლის ბრძანებით, დამტკიცდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი.

შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია.

ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს.

კერძოდ, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია:

  •  ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას;
  •  საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს მისი სამუშაო ოთახი;
  • საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ;
  • საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
  • არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება;
  • დაემორჩილოს დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის კანონიერ მითითებებს;
  •  სააკრედიტაციო მოწმობა არ გადასცეს სხვა პირს;
  •  სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე.

სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის მიერ აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება შეიზღუდოს მასზე აკრედიტაციის გაცემა 1 თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 6 თვით.

სამუშაო ატმოსფეროს თუ კომფორტის ზონის შექმნა — რატომ იღებენ რეგულაციებს

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ახალი რეგულაციები საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას ეფუძნება და პარლამენტში დასაქმებული ყველა ადამიანისათვის სამუშაო ატმოსფეროს  შექმნას უზრუნველყოფს.

პარლამენტის თავმჯდომარე მედიისთვის შეზღუდვების დაწესებას „დისკომფორტს“ უწოდებს, საპარლამენტო ჟურნალისტის სტატუსს კი, „პრესტიჟულს“. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლები ამ „დისკომფორტით“ იხდიან იმ „უპირატესობის“ ფასს, რაც საპარლამენტო ჟურნალისტის სტატუსს აქვს.

თუმცა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ასე არ ფიქრობენ. რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე  ნეტგაზეთთან ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალურად მოიცილოს თავიდან ნებისმიერი დისკომფორტი, რომელიც მათ საქმიანობას უკავშირდება.

„მე არ დამინახავს ასეთი [წესების შემოღების] საჭიროება. მე არ მქონია ისეთი შემთხვევა, როცა მითქვამს ჟურნალისტისთვის, რომ არ ჩამწერო ამ კონკრეტულ საკითხზე და მაინც ჩავუწერივარ. არის ისეთი საკითხები, რომელზეც დეპუტატებს არ გვინდა კომენტარის გაკეთება და ყველაფერზე შეუძლებელია კომენტარი გააკეთო, მაგრამ მე არ მქონია ასეთი ვითარება.

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ ჰქონია ასეთი დისკომფორტი და ფიქრობს, რომ რაღაც წესები დაარეგულირებს. ასეთი რამეები წესებით არ რეგულირდება. მგონია, რომ ეს აკრძალვები არ იმუშავებს და მალე შეიცვლება“, — ამბობს ხათუნა სამნიძე.

მსგავსი რეგულაციების შემოღების საჭიროებაზე არ უფიქრია „გირჩის“ წევრს, დეპუტატ იაგო ხვიჩიასაც. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, საპარლამენტო ჟურნალისტებთან ურთიერთობაში ისეთი „დისკომფორტი“ არ შექმნია, რომ შეზღუდვების შემოღებას მხარი დაუჭიროს. თუმცა ხვიჩია ვერც იმას ამბობს, რომ ამ წესების წინააღმდეგია, სანამ პრაქტიკაში მის გამოყენებას არ დაინახავს.

„ზოგადად, არ მომწონს ის, რომ ამ ადგილას [პარლამენტის დერეფანი] ვიღებთ რაღაცებს, მერჩივნა, რომ უფრო დალაგებული იყოს ჟურნალისტების და პოლიტიკოსების უერთიერთობა პარლამენტში, მაგრამ რაც შეეხება ამ ინიციატივას, პარლამენტის თავმდჯომარემ გააჟღერა ეს და მე არც მიმიქცევია დიდი ყურადღება. არ ვიცი, ზოგადად, რას შეეხება.

ზოგადად, მე არ მქონია ჟურნალისტებთან ეს ურთიერთობა, არავისთვის არ მითქვამს და არავინ გამომკიდებია და ამიტომ ვერც მომხრე და ვერც წინააღმდეგი ვერ ვიქნები [ამ წესების], პრაქტიკაში უნდა დავინახოთ  მისი მოქმედება“, – ამბობს იაგო ხვიჩია.

„თვითნებობად“ შეაფასა პაპუაშვილის გადაწყვეტილება „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

მან გააკრიტიკა  შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ევროკომისიის რეკომენდაციებში მედიაგარემოს გაუმჯობესებისკენაა მოწოდება, პაპუაშვილი პარლამენტის შენობაში მედიას ცენზურას უწესებს.

„ბატონო შალვა, ფორმალურად, დიახ, თქვენ გაქვთ დისკრეციული უფლება, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ დისკრეციული უფლება არ გულისხმობს თვითნებობას. თქვენი უფლებამოსილება ვერ დადგება საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა.

ძალიან სამწუხაროა, რომ გადაწყვიტეთ, ერთპიროვნულად მიგეღოთ ეს რეგულაციები მედიისთვის. მინდა მოგიწოდოთ, რომ მინიმუმ, გამართოთ პოლიტიკური კონსულტაციები პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ასევე, მედიასთან და მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ამ ქვეყნის კონსტიტუცია გავალდებულებთ“, – 7 თებერვალს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის პასუხად პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის შენობა საჯარო სივრცე არაა  და ის დაწესებულებაა, სადაც მედიის საქმიანობისთვის შესაბამისი ნებართვაა საჭირო, რაც შესაბამის ქცევის წესებს მოიცავს.

„თუკი ვინმეს აქვს კრიტიკული წარმოდგენა, აქ არის ორი პრინციპი  და ორი სიკეთე, რომელიც ერთმანეთს უნდა შევუწონოთ — ერთი გახლავთ საზოგადოების ინტერესი, რომ ჰქონდეს ინფორმაცია პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით და დეპუტატებისგან ჰქონდეს ინფორმაცია; მეორე ინტერესი გახლავს ის, რომ საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, მის ვიზიტორებს ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო. ეს არის ორი თანაბარწონადი ინტერესი. სწორედ ამ ინტერესების შეფარდებით იქნა მიღებული ეს რეგულაცია“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

„პირდაპირ დაარტყეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას“

პარლამენტში რეგულაციების დაწესების საჭიროებას ხედავს „იმედის“ ჟურნალისტი ანა ბერძენიშვილი. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, ახალი რეგულაციები ჟურნალისტების საქმიანობაში გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა ის სიტუაცია, რაც პარლამენტშია, გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას საჭიროებდა.

მისი თქმით, დეპუტატებს უფლება აქვთ, გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ჩაწერონ ჟურნალისტებმა.

როგორც ანა ბერძენიშვილი ამბობს, აქამდეც არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა დეპუტატები, თხოვნის მიუხედავად, კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობდნენ.

„მე ვთვლი, რომ [რეგულაციები] არ დამაზიანებს, რადგან თუ კომენტარი არ მექნება, კადრი მაინც მექნება, რომ პასუხს არ მცემს ადამიანი. ვფიქრობ, რომ ზღვარი ჟურნალისტებსა და დეპუატებს შორის შევიწროებულია და ყოფილა შემთხვევა, როცა ოპოზიციონერი დეპუტატიც გვაყენებს შეურაცხყოფას, ამიტომ გარკვეულ რეგულაციებში უნდა მოვექცეთ. არ მომწონს ის, რასაც ყოველდღიურად ვუყურებ თუნდაც ჟურნალისტების მხრიდან, ზოგჯერ ჩვენც გადავდივართ ზღვარს და დეპუტატებიც.

ერთმანეთის პირადი სივრცე უნდა დავიცვათ როგორც ჩვენ, ჟურნალისტებმა, ასევე დეპუტატებმაც. ჩემი პირადი გამოცდილება ასეთია, რომ დილით მოვდივარ, ყველა დეპუტატს ვურეკავ და ვუთანხმდები და ძირითადად არ მჭირდება, რომ კომენტარისთვის ვინმეს გავეკიდო, ან კაბინეტში შევუვარდე. მე მიმაჩნია, რომ უმრავლესობის დეპუტატი იქნება თუ ოპოზიციის, ყველას აქვს თავისი პირადი სივრცე.  ვინმეს რომ კაბინეტში შევვარდნოდი ჩართული კამერით, მსგავსი გამოცდილება არ მქონია“, – ამბობს ნეტგაზეთთან ანა ბერძენიშვილი.

საკითხის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ჟურნალისტებს.

იმ ფონზე, როცა სამთავრობო უწყებებიდან და მმართველი პარტიისგან ინფორმაციის მოპოვება პრაქტიკულად შეზღუდულია, ძირითადად პარლამენტი რჩება სივრცედ, სადაც კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს კითხვების დასმის შესაძლებლობა აქვთ.

ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება ჟურნალისტებს მათი საქმიანობის შეზღუდვად მიაჩნიათ.

„მთავარი არხის“ საპარლამენტო ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პაპუაშვილის შემოღებული რეგულაციები საქმიანობისას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგან კრიტიკული მედიისთვის ინტერვიუების მიცემაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ძირითადად არ თანხმდებიან, ამ ბრძანების შემდეგ კი ჟურნალისტს  პარლამენტის სივრცეში მათთვის კითხვის დასმაც კი ეზღუდებათ.

„რაც ახლა გააკეთეს, ეს არის წარმოუდგენელი და პირდაპირ დაარტყეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. აბა, სხვანაირად ჟურნალისტმა როგორ მიიღოს ინფორმაცია?! სხვა რა არის ჟურნალისტის საქმე, თუ არა კითხვების დასმა?! ახლა, როგორც ჩანს, მოინდომეს, რომ „ქართული ოცნება“ მთლიანად კომფორტში იყოს და კრიტიკულმა მედიამ არცერთი კითხვა დასვას. თორემ მე საერთოდ არ მინდა ვინმეს გავეკიდო. რად მინდა გაკიდება, თუ მოვა დეპუტატი, დადგება და კითხვებზე მიპასუხებს, საერთოდ არ მჭირდება ასეთი რამ“, — უთხრა ნინო სამყურაშვილმა ნეტგაზეთს.

ნინო სამყურაშვილი, ფოტო: Facebook/ნინო სამყურაშვილი

მისი თქმით, წლებია, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიას პარლამენტში მმართველი გუნდიდან ვინმეს ჩაწერა მხოლოდ სხვა მედიებთან ერთად, საერთო ინტერვიუებზე შეუძლია და იმის თავისუფლება არ აქვთ, რომ თავად შეარჩიონ რესპონდენტი, ვისაც კითხვას დაუსვამენ.

„სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უმრავლესობაში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელსაც რომ ვთხოვ, მეწერება, მაგალითად, რატი იონათამიშვილი, მაგრამ დანარჩენებთან მსგავსი რამ არ ხდება. ისეთი პრაქტიკა დამკვიდრდა, რომ ვისაც მმართველი პარტია გადაწყვეტს, ის ადამიანი უნდა ჩაეწეროს მედიას. ისედაც არ გაქვს მეტი გზა და ამ „წესს“ მიჰყვები. წარმოუდგენელი იქნება, საერთოდ რომ არ გქონდეს კომენტარი, მათი პოზიციაც უნდა გქონდეს, ამიტომ, ვინც გამოვა და დადგება ტრიბუნასთან, იმას წერ“, — ამბობს ნინო სამყურაშვილი.

„ტვ პირველის“  საპარლამენტო ჟურნალისტი რუსუდან დუმბაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ რესპოდენტის გადევნება და მოძრავ რეჟიმში ინტერვიუს ჩაწერა არც მისთვისაა სასიამოვნო, თუმცა იმის გამო, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები კრიტიკულ მედიას არ ეთანმშრომლებიან, ხშირად  სხვა გზას არ უტოვებენ.

ამიტომ, რუსუდან დუმბაძის აზრით, რეგულაციებსა და აკრძალვებს ჯობდა კრიტიკულ მედიასთან თანამშრომლობის დაწყება.

„მათ განსხვავებული მიდგომა აქთ მედიების მიმართ, ზოგიერთებს კაბინეტებშიც კი ეწერებიან. მე დიდი ხანია, არ მინახავს „ქართული ოცნების“ რომელიმე დეპუტატის კაბინეტი. თუ ჟურნალისტების მუშაობის ცივილურ ჩარჩოებში ჩასმა სურთ, უმჯობესი იქნებოდა, თვითონ იქცეოდნენ ცივილურად.

მაგალითად, ევროპარლამენტში მედიისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, იქ მოდიან დეპუტატები და ეწერებიან, მაგრამ ისინიც ცივილურად თანამშრომლობენ მედიებთან და ასეთი დაყოფა და მიდგომები კონკრეტული მედიების მიმართ არ აქვთ“, — ამბობს რუსუდან დუმბაძე.

რუსუდან დუმბაძე, ფოტო Facabook/ რუსუდან დუმბაძე

რუსუდან დუმბაძის აზრით, შეზღუდვების დაწესება კრიტიკული კითხვებით გამოწვეულმა შიშმა განაპირობა.

„ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეგვიშალონ და უფრო მეტიც, ეს საფრთხის შემცველად მიმაჩნია. განსაკუთრებით, ბრძანების ის ნაწილი, სადაც წერია, რომ ინტერვიუზე უარის შემთხვევაში, მე უნდა შევწყვიტო ინტერვიუ.

ეს ჩემთვის ბევრი მიმართულებით არ არის მისასალმებელი. ხანდახან უარი, პასუხისგან გაქცევა და დუმილი ჩემთვის უფრო დიდი პასუხია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა, რასაც პოლიტიკოსი იტყვის“, უთხრა რუსუდან დუმბაძემ ნეტგაზეთს.

„ინტერპრესნიუსის“ საპარლამენტო ჟურნალისტი ნათია ინაური, რომელიც რამდენიმე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას აშუქებდა, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჟურნალისტის მიერ რესპოდენტის გაკიდების ფაქტები წინა მოწვევის პარლამენტებშიც იყო, თუმცა მსგავსი ქცევის წესების შემოღებაზე არავის უფიქრია.

როგორც ნათია ინაური ნეტგაზეთთან ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება მედიის ჩარჩოებში მოქცევის და მისთვის წითელი ხაზების დაწესების მცდელობაა.

„ამის მიზანია, რომ საბოლოო ჯამში, მედიასაშუალებებში სტერილური და გაფილტრული აუდიო-ვიდეომასალა და კომენტარები მოხვდეს. როდესაც დეპუტატი მოდის ტრიბუნასთან და წინასწარ მომზადებულ პასუხს გცემს, ხშირია შემთხვევა, როცა ეს პასუხი არ გაკმაყოფილებს და ცდილობ ჩაეკითხო. ახალი ბრძანების შემდეგ მას აქვს უფლება, მოგთხოვოს ინტერვიუს შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქცია ამოქმედდება.

რა თქმა უნდა, ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობასა და შინაარსში შემოჭრა. ალბათ, ამის მიზანი არის ის, რომ დაახლოებით იმ ტიპის მასალა მოიპოვონ ჟურნალისტებმა, რაც შეიძლება პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელოს, იქნება ეს აუდიო-ვიდეომასალა თუ კომენტარები“, — ამბობს ნათია ინაური.

თუმცა, მისი თქმით, ეს პრობლემას შეუქმნის არა მხოლოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიების, არამედ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებსაც, რადგან ინფორმაციის მისაღებად მათაც უწევთ ოპოზიციონერი დეპუტატების გაკიდება.

როგორც ნათია ინაური ამბობს, ის, რაც პარლამენტში ხდება, ასახავს იმას, თუ როგორი პოლიტიკური სტანდარტი და კულტურაა ქვეყანაში.

„ეს არის ორმხრივი პროცესი, როგორ დამოკიდებულებასაც გამოხატავენ ჟურნალისტების მიმართ და როგორც თავად თვლიან თავს ანგარიშვალდებულად მედიისა და საზოგადოების წინაშე, ზუსტად ამას ასახავს ის, რასაც მერე მედია გადმოსცემს“, — ამბობს ნათია ინაური და აღნიშნავს, რომ დეპუტატი თავს ანგარიშვალდებულად უნდა გრძნობდეს და ჟურნალისტის კითხვებს არ გაურბოდეს.

„შეიძლება, ძალიან არ მოგწონდეს მისი შეკითხვა, მაგრამ არ უნდა გქონდეს იმის განწყობა, რომ ჟურნალისტმა ის კითხვა უნდა დაგისვას, რაც შენს ყურს ეამება და ესიამოვნება, უნდა დადგე და როგორი მიუღებელი კითხვაც არ უნდა იყოს, პასუხი გასცე და აღარ იქნება ეს გამოდევნება“, — ამბობს ნათია ინაური.

ნათია ინაური, ფოტო: Facebook / ნათია ინაური

ნათია ინაური ყურადღებას ამახვილებს ბრძანების იმ ნაწილზე, რომელიც  თანხმობის გარეშე დეპუტატის ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანის გადაღებას კრძალავს.

„მაგალითად, პარლამენტში მიმდინარეობს მთავრობის მოსმენა და რომელიმე დეპუტატი ან თამაშობს ტელეფონზე, ან რამეს უყურებს, რატომ არ უნდა გადავიღო ეს?! საერთოდ, რაც პარლამენტში ხდება, სასესიო და საკომიტეტო დარბაზში თუ პარლამენტის ფოიეში, რატომ არ უნდა გადავიღო, აბა, რისთვის მოვდივარ პარლამენტში?!

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ პარლამენტი არ არის საჯარო სივრცეო, მაგრამ არც კერძოა. საპარლამენტო ჟურნალისტები სახლში არცერთ დეპუტატს უვარდებიან, რომ გადაიღონ, იქ რას აკეთებენ, პარლამენტში რასაც აკეთებენ, დიახ, უნდა გადაიღონ“, — ამბობს ნათია ინაური.

ამასთან, ნათია ინაურის თქმით, კარგი იქნებოდა, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებას ხელს მოაწერდა, მედიის წარმომადგენლებს შეხვედროდა და მათი აზრიც მოესმინა.

„კარგი იქნებოდა, რომ მედიის წარმომადგენლებისგან მოესმინა, რა პრობლემას აწყდებიან, რატომ უწევთ რომელიმე დეპუტატისთვის გაკიდება… ჰქონოდა წინასწარი კონსულტაცია  და შემდეგ გამოეცა ბრძანება. ქცევის წესები დაგვიწესა ისე, რომ ჩვენ პოსტფაქტუმ გავიგეთ“, — ამბობს ნათია ინაური.

ჟურნალისტების მსგავსი პოზიცია აქვს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც. ქარტიის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციების დაწესებით შეუძლებელი გახდება ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოებისთვის მიწოდება.

„ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არ დაუშვას, რომ საფრთხე შეექმნას დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა  ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და ღიაობა და გააუქმოს მიღებული ბრძანება, რომელიც გამოიწვევს ფორმალურ დაბრკოლებებს და საქმიანობის შეზღუდვას მედიისთვის“, — ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ნეტგაზეთმა სცადა აღნიშულ საკითხზე გაეგო პარლამენტში მომუშავე სხვა ტელევიზიების ჟურნალისტების მოსაზრებაც, თუმცა სხვადასხვა მიზეზით საუბარი არ ისურვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი