ახალი ამბები

ვინ არის და რატომ “იმყოფებოდა” საქართველოში სეპარატისტი მქადაგებელი ინდოეთიდან

28 მარტი, 2023 • 4795
ვინ არის და რატომ “იმყოფებოდა” საქართველოში სეპარატისტი მქადაგებელი ინდოეთიდან

სეპარატისტი ლიდერი ამრიტპალ სინგჰი, რომელიც ინდოეთში მცხოვრები სიქების რელიგიური უმცირესობისთვის ცალკე სახელმწიფოს შექმნას ემხრობა, გასულ წელს საქართველოში იმყოფებოდა: ინფორმაცია ინდურ მედიაში ვრცელდება.

30 წლის სინგჰი თვითგამოცხადებული მქადაგებელია, რომელმაც ინდოეთში მცხოვრები სიქების ნაწილში უკანასკნელ ხანებში მოიპოვა პოპულარობა. ის მხარს უჭერს “ხალისტანის მოძრაობას”, რომელიც ინდოეთის ჩრდილოეთში, პენჯაბის შტატში მცხოვრები სიქებისთვის სახელმწიფოს შექმნისაკენ მიილტვის. როგორც CNN წერს, სინგჰი ხსენებული მოძრაობის წამყვან იდეოლოგად ჩამოყალიბდა.

გასულ კვირას ინდოეთის პოლიციამ პენჯაბის შტატში ჩაატარა მასშტაბური სამძებრო ოპერაცია, რომლის მიზანიც სინგჰის დაკავება იყო. პოლიციის განცხადებით, ოპერაციისას მისი ათეულობით მხარდამჭერი დააკავეს, ასევე, ამოიღეს საბრძოლო მასალა.

Reuters-ის მიხედვით, სამართალდამცავები სინგჰსა და მისი მხარდამჭერებს მკვლელობის მცდელობაში, პოლიციისათვის  ხელის შეშლასა და ქაოსის შექმნაში ადანაშაულებენ. პოლიციის თქმით, მქადაგებელი გაიქცა და მიიმალა 18 მარტის შემდეგ, როდესაც მისი ავტოკოლონის შეჩერებასა და სინგჰის დაკავებას შეეცადნენ.

ბრალდებებს არ ეთანხმებიან მქადაგებლის მხარდამჭერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სინგჰი მშვიდობიანი პერსონაა, ინდოეთის მთავრობა კი ადამიანის უფლებებს არღვევს.

ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე, სინგჰის მხარდამჭერები, რომლებიც მქადაგებლის ერთ-ერთი თანაშემწის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ, პოლიციის განყოფილებაში შეჭრას შეეცადნენ.

ახლა, როცა მქადაგებლის დასაკავებლად საპოლიციო მოქმედებებს მიმართავენ, ინდურ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამშობლოში დაბრუნებამდე ის საქართველოში იმყოფებოდა.

“ინდოეთში ჩამოსვლამდე ის[სინგჰი] 1 თვით საქართველოში იმყოფებოდა და ეს ნაწილიც გამოძიების ქვეშაა”,  — ამბობს ადგილობრივ პრესასთან საუბრისას პენჯაბის პოლიციის წარმომადგენელი სუხჩაინ სინგ გილი.

გამოცემა Hindustan Times წერს იმასაც, რომ მქადაგებელი კავშირშია ინდოეთის მეზობელი პაკისტანის სადაზვერვო სამსახურთან და სანამ ინდოეთში დაბრუნდებოდა, ამავე სამსახურმა სინგჰი საქართველოში გამოგზავნა წვრთნისათვის. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფრომაცია ინდოეთის ანტიტერორისტული სამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა, თუმცა Hindustan Times რესპონდენტის ვინაობას არ ასახელებს და ეს ცნობა არც ოფიციალურად დაუდასტურებია ვინმეს.

“ნეტგაზეთი” ხსენებულ ცნობებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადც გვითხრეს, რომ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ინდოეთში დაბადებული ამრიტპალ სინგჰი წლების მანძილზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში ცხოვრობდა. მისი პოპულარობა ძირითადად შემოიფარგლებოდა სოციალური მედიით, სადაც სიქების ერთიანობასა და სახელმწიფოებრიობის იდეაზე თავის ხედვებს უზიარებდა აუდიტორიას.

თუმცა სინგჰის ცნობადობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში ინდოეთში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ავტოავარიაში მცირე ხნით ადრე დაღუპული სიქი კინომსახიობისა და აქტივისტის მიერ დაფუძნებულ ჯგუფს, სახელწოდებით Waris Punjab De (მიახლოებით თარგმანი — “პენჯაბის მემკვიდრეები”).

როგორც BBC წერს, სიტყვით გამოსვლებში სინგჰი ამტკიცებს, რომ სიქებისთვის ცალკე სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენს “საბოლოო გადაჭრას” პენჯაბის შტატის პრობლემებისა — წყლის რესურსთან დაკავშირებული დავებიდან ნარკოდამოკიდებულებამდე და პენჯაბის კულტურის რღვევამდე.

სინგჰი ყურადღებას იქცევს იმითაც, რომ შთაგონების წყაროდ ასახელებს ჯარნაილ სინგ ბჰინდრანვალეს: მქადაგებელს, რომელსაც ინდოეთის მთავრობა 80-იან წლებში შეიარაღებული აჯანყების მოწყობაში ადანაშაულებდა სიქების სახელმწიფოს შექმნის მიზნით. ხსენებული მოვლენების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც გამოჩენილი ლიდერები, ისე რიგითი მოქალაქეები და პოლიციის მიერ მოკლული ახალგაზრდა სიქები.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, მიმდინარე დღეებში პენჯაბში განვითარებულმა მოვლენებმა მრავალ მოქალაქეს გაახსენა პენჯაბის შტატისთვის ეს მეტად მძიმე პერიოდი .

სიქების რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები შეადგენენ ინდოეთის მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებს, თუმცა, პენჯაბის მაცხოვრებელთა უმრავლესობას. XV საუკუნეში აღმოცენებულ რელიგიას (სიქიზმი) მსოფლიოს გარშემო 25 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი