საზოგადოება

სუსი: საქართველოს გავლით უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობები გაჰქონდათ

5 თებერვალი, 2024 • 1600
სუსი: საქართველოს გავლით უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობები გაჰქონდათ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რამდენიმე ერთეული სპეციალური მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს, რომელიც საქართველოს გავლით უკრაინიდან რუსეთში გაჰქონდათ.

უწყების განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუზელზე, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკისას ამოიღეს ელექტრომანქანისთვის განკუთვნილი ორი აკუმლატორი, რომლებსაც იყენებდნენ კონტეინერებად. სუს-ის ინფორმაციით, აკუმლატორებში განთავსებული იყო ექვსი ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა:

„აღნიშნული კონტეინერებიდან სპეციალური გამნაღმველი ჯგუფის მიერ ამოღებული იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება, რაც ექსპერტიზისათვის გადაიგზავნა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ხოლო ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ კონტეინერებს დაუბრუნდა პირვანდელი ვიზუალური სახე და ე.წ. მულაჟების სახით კვლავ დაბრუნებულ იქნა ზემოაღნიშნულ ამანათში, რათა წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ არ გამხდარიყო ცნობილი როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლებისთვის.

ამანათის შემდგომი გადაადგილების პროცესი, რა თქმა უნდა, კონტროლდებოდა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დამკვეთებისა და დამატებითი პირების დადგენა, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი ყოფილიყვნენ აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირების საქმეში, ასევე, დადგენილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების მარშრუტი და მათი გამოყენების საბოლოო მიზნები“ ,— აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების განცხადებით, დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას C-4 შეიცავს, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტროდეტონატორის და სპეციალური ტაიმერის საშუალებით.

სუს-ში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების საერთო წონა 14 კილოგრამს აღწევს. უწყების განცხადებით, კონტეინერებში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები:

„ასაფეთქებელი მოწყობილობის ექვსივე ინდივიდუალურ ყუთში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო. ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს. აღნიშნული ნივთიერების მუხტი სიმძლავრით ბევრად აღემატება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის მუხტს“, — აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყებაში აცხადებენ, რომ კონტრტერორისტული ცენტრის მიერ კომპლექსურად ჩატარებული მოქმედებების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისა და ამოღებული აუდიოფაილების საფუძველზე დგინდება, რომ ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“ უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალის“ მეშვეობით:

„მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს აღნიშნული პუნქტიდან. ხოლო მეორე კონტეინერი – სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით-  დატოვეს თბილისში კონკრეტულ მისამართზე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ შეჩერებულ და ამოღებულ იქნა აღნიშნული გზავნილი იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხრიდან“, — აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს შვიდი, უკრაინის სამი და სომხეთის ორი მოქალაქე:

„საქმის მასალებით აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადის კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა. აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ, ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ.

ამჟამად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.

რაც შეეხება ქალაქ თბილისში დატოვებულ სამ ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას — განკუთვნილი იყო რუსეთში გასატანად თუ უნდა დარჩენილიყო საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად, ამას მიმდინარე გამოძიება დაადგენს. თუმცა აღიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში“ ,“ — აცხადებენ სუს-ში.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. აღნიშნული ბრალი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი