ახალი ამბები

რა დაუყვირა ქალმა პუტინს მარიუპოლში ვიზიტისას

20 მარტი, 2023 • 2356
რა დაუყვირა ქალმა პუტინს მარიუპოლში ვიზიტისას

ვიდეოში, რომელიც, რუსეთის პროპაგანდისტული მედიის თანახმად, ოკუპირებულ მარიუპოლში ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ასახავს “ადგილობრივებთან”, ქალის ხმა ისმის. რთულია გარჩევა, ზუსტად რას ამბობს ის, თუმცა ოპოზიციური გამოცემა “მედუზა” და ზოგიერთი სხვა წყარო წერენ, რომ ქალმა, სავარაუდოდ, დაიყვირა:

“ეს ყველაფერი სიმართლე არ არის! ეს მოჩვენებითია!”

საუბარია კადრებზე, რომლებიც კრემლის პრესსამსახურმა და რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ, “რია ნოვოსტიმ” გაავრცელეს. მათი ცნობით, ვიდეო ასახავს “ადგილობრივებთან” პუტინის შეხვედრას მოსკოვის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში.

“პუტინმა დაათვალიერა ქალაქის განთავისუფლების შემდეგ აშენებული მიკრორაიონი და გაესაუბრა მის მოსახლეობას”, — წერს “რია ნოვოსტი”, რომელიც, სხვა სახელმწიფო და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მსგავსად, “გათავისუფლებულად” მოიხსენიებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს უკრაინაში.

ყვირილი სწორედ იმ დროს ისმის, როცა რუსეთის პრეზიდენტი “ადგილობრივებს” ესაუბრება. თავად ქალი კადრებში არ ჩანს. როგორც “მედუზა” აღნიშნავს, რთულია გარკვევა, რას ყვირის ქალი, თუმცა ვიდეოში ჩანს, რომ ყვირილის შემდეგ, პუტინის თანმხლები პირები ერთმანეთს რაღაცებს ანიშნებენ.

როგორც “რადიო თავისუფლების” გამოცემა “ეხო კავკაზა” წერს, ზოგიერთმა რუსულმა ტელეარხმა ეს მომენტი ხმის გარეშე აჩვენა.

მარიუპოლი არის ქალაქი, სადაც ოკუპანტები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მათ დაბომბეს თეატრის შენობა იმ დროს, როდესაც იქ ადამიანები იმყოფებოდნენ, ასევე, საავადმყოფო.

ხანგრძლივი ალყის დროს რუსეთის ძალებმა მარიუპოლი მიწასთან გაასწორეს. მოსკოვმა ქალაქის სრულად ოკუპირება გასული წლის მაისში შეძლო.

“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მარიუპოლი პუტინისთვის სიმბოლური ადგილია იმ სიგიჟის გამო, რომელიც მან თავს დაატეხა ქალაქს.

არცერთი სხვა ქალაქი არ განადგურებულა ასე. არცერთი სხვა ქალაქი არ ყოფილა ალყაში ამდენი ხნის განმავლობაში. არცერთი სხვა ქალაქი არ ყოფილა ხალიჩური დაბომბვის ქვეშ”, — უთხრა BBC-ს მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ, რომელიც ამჟამად დევნილობაშია.

ბოიჩენკოს თქმით, რუსეთის მიერ აგებული შენობებიდან ბევრი მარიუპოლის გარეუბნებში მდებარეობს.

“მათ [ეს შენობები] ააგეს მხოლოდ იმისთვის, რათა დაემტკიცებინათ, რომ მათი ვერსია იმის შესახებ, რაც იქ ხდება, მართალია. მაგრამ იტყუებიან! იტყუებიან, [როცა ამბობენ], რომ ქალაქის გასათავისუფლებლად მოვიდნენ. მათ ის დაანგრიეს. ეს ქალაქი აღარ არსებობს და 20 წელიწადი დასჭირდება მის აღდგენას”, — ამბობს მერი.

კრემლის ცნობით, პუტინი მარიუპოლში შაბათს ჩავიდა. ერთი დღით ადრე ჰააგის სასამართლომ მასზე დაკავების ორდერი გამოსცა.

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა

მასალების გადაბეჭდვის წესი